ალექსანდრ სტუბი - უკრაინა და რუსეთი შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს
ალექსანდრ სტუბი - უკრაინა და რუსეთი შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს

ფინეთის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა და რუსეთი შეთანხმებასთან ისე ახლოს არიან, როგორც არასდროს ომის განმავლობაში. ალექსანდრ სტუბის თქმით, დარჩენილია ყველაზე რთული საკითხების 5%, რომლებიც ჯერ არ გადაწყვეტილა.

მისივე განცხადებით, პროგრესის მიღწევა შესაძლებელი გახდა აშშ-ის დიპლომატიისა და რუსეთზე სანქციებით ზეწოლის გამოყენებით. ამის შესახებ ფინეთის პრეზიდენტმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ის ასევე ამბობს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა და ტრამპის სიძემ, ჯარედ კუშნერმა ბოლო კვირებში 24-საათიან რეჟიმში იმუშავეს, რათა შეემცირებინათ უკრაინას და რუსეთს შორის სადავო საკითხების რაოდენობა. ამასთან, სტუბმა აღნიშნა დასავლელი მოკავშირეების ერთობაც.

„ევროპა, უკრაინა და აშშ ერთიანები იყვნენ მყარი და სამართლიანი მშვიდობის მიღწევის მისწრაფებაში. მეორე იყო უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტიები იდეა. ჩვენ თითქმის მივაღწიეთ მიზანს, მაგრამ ყველაზე რთული 5% ჯერ კიდევ დარჩა“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

რაც შეეხება რუსეთის მომლაპარაკებლებს, სტუბის თქმით, სავარაუდოდ მათი პოზიციები უფრო მოქნილი იყო დახურულ კარს მიღმა. როგორც ფინეთის პრეზიდენტი ამბობს, საჯარო განცხადებებს და კონფიდენციალურ მოლაპარაკებებს შორის ასეთი კონტრასტი ტიპურია.

„რუსეთის ეკონომიკა სინამდვილეში არც ისე კარგად უმკლავდება. მათ ნულოვანი ზრდა აქვთ, მათ ამოეწურათ რეზერვები, მაღალი საპროცენტო განაკვეთები აქვთ და მაღალი ინფლაცია, სიტუაცია გამოსწორებისკენ არ მიდის“, – განაცხადა სტუმბა.

მისივე თქმით, რუსული ნავთობკომპანიები „როსნეფტისა“ და „ლუკოილის“ წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულმა სანქციებმა განსაკუთრებით ეფექტურად იმუშავა.

ფინეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გამკაცრდეს, თუ მოსკოვი უარყოფს უკრაინის, ევროპისა და აშშ-ის შეთანხმებულ პირობებს.