ალექსანდრ სტუბი - შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ თავშეკავებული, მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს ჰქონდეს სტიმული, ნატო-ს მე-5 მუხლი გამოსცადოს
ალექსანდრ სტუბი - შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ თავშეკავებული, მე ვერ ვხედავ, რომ რუსეთს ჰქონდეს სტიმული, ნატო-ს მე-5 მუხლი გამოსცადოს

ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი პოლონეთის პრემიერ-მინისტრის, დონალდ ტუსკის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ნატო-ს ზოგიერთ ქვეყანაზე ევროპაში რუსეთის მხრიდან თავდასხმა, შესაძლოა, რამდენიმე თვეში მოხდეს.

„ჩვენ სხვადასხვა სცენარზე ვმუშაობთ, მაგრამ მე ვუბრუნდები მთავარ გზავნილს – შევინარჩუნოთ სიმშვიდე, ვიყოთ გაწონასწორებული და თავშეკავებული. მე ვერ ვხედავ, რუსეთს ჰქონდეს სტიმული, ნატო-ს მე-5 მუხლი პრაქტიკაში გამოსცადოს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

როგორც ალექსანდრ სტუბმა აღნიშნა, რუსეთი გააგრძელებს ნატო-ს ჰიბრიდული მეთოდებით გამოცდას.

„აღმოსავლეთ ფლანგს თუ გადავხედავთ, ჩრდილო-აღმოსავლეთიდან დაწყებული, სკანდინავიით, ნორვეგიით, ფინეთით, ბალტიის ქვეყნებით, პოლონეთით, უკრაინამდე – არ ვფიქრობ, იქ რაიმე სახის გამოცდა მოხდეს“, – განაცხადა ფინეთის პრეზიდენტმა.

ამასთან, მისივე თქმით, ევროპულმა ქვეყნებმა მაგალითი „ფინური მენტალიტეტიდან“ უნდა აიღონ.

„ზედმეტ ყურადღებას ნუ გაამახვილებთ იმაზე, რაც შეიძლება მოხდეს. მოემზადეთ უარესისთვის, რომ ის აირიდოთ“, – აღნიშნა სტუბმა.

გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ამერიკელები ეუბნებიან ევროპას, საკუთარ თავდაცვაზე მეტი პასუხისმგებლობა აიღონ.