ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს
ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდრ სტუბი აცხადებს, რომ პეკინი მოსკოვს უკრაინის წინააღმდეგ ომში ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემს.
„პოლიტიკოსთან“ ინტერვიუში ფინეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ჩინეთის ოფიციალურმა პირებმა ის პირადად დაარწმუნეს, რომ რუსეთს ბირთვული იარაღის გამოყენების უფლებას არ მისცემენ.
„ამ ზაფხულს ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მესტუმრა და ეს საკითხი წამოვწიე. მან მიპასუხა: ჩვენ ამას არასდროს დავუშვებთ. მე მჯერა, რომ ეს საკმაოდ ეფექტური შემაკავებელი ფაქტორია“, – განაცხადა სტუბმა.
ფინეთის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ მოსკოვი სარგებლობს ევროპელების ფოკუსირებით ბირთვული ესკალაციის ან ნატო-ზე პირდაპირი თავდასხმის პერსპექტივაზე.
„რუსეთს სურს, რომ ჩვენ, ევროპელები აქ დავსხდეთ და განვიხილოთ: გაამწვავებს თუ არა რუსეთი კონფლიქტს? გამოიყენებს თუ არა რუსეთი ბირთვულ იარაღს? თავს დაესხმება თუ არა რუსეთი ნატო-სა და ევროპას? ზედმეტი დრამატიზება საჭირო არ არის, მოემზადეთ უარესისთვის, რათა თავიდან აიცილოთ ის“, – განაცხადა მან.
სტუბის თქმით, ევროპა უახლოვდება იმ წერტილს, როდესაც მან უნდა განაახლოს პირდაპირი პოლიტიკური დიალოგი მოსკოვთან.
„დარწმუნებული ვარ, ჩვენ ვუახლოვდებით იმ დღეს, როდესაც ევროპელებისთვის სასარგებლო იქნება რუსეთთან უფრო პირდაპირი კონტაქტის დამყარება, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ჩვენ უნდა ავიცილოთ თავიდან გაუგებრობები“, – თქვა სტუბმა.
როგორც გამოცემა წერს, ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ვანგ ი სტუბს 5 ივლისს ჰელსინკიში შეხვდა. განხილულ თემებს შორის იყო რუსეთის მიერ უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა და ევროპის უსაფრთხოება.