ალექსანდრ სირსკი - ვითარება რთულია, მტერი შეტევით ოპერაციებს შეხების მთელი ხაზის გასწვრივ ატარებს, თუმცა უკრაინის არმია ახერხებს შეკავებას, კრემლის გეგმებს ხელს უშლის და აგრძელებს თავდაცვის ტაქტიკას
ალექსანდრ სირსკი - ვითარება რთულია, მტერი შეტევით ოპერაციებს შეხების მთელი ხაზის გასწვრივ ატარებს, თუმცა უკრაინის არმია ახერხებს შეკავებას, კრემლის გეგმებს ხელს უშლის და აგრძელებს თავდაცვის ტაქტიკას

რუსები მთელი შეხების ხაზის გასწვრივ წინ მიიწევენ, თუმცა უკრაინის არმია ახერხებს მათ შეკავებას, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკის თქმით, ზოგიერთ დღეს შეტაკებების რაოდენობა 300-საც აღწევს, რაც ომის დაწყების დღიდან ყველაზე დიდი რიცხვია.

„სიტუაცია კვლავ რთული რჩება. მტერი შეტევით ოპერაციებს პრაქტიკულად მთელი შეხების ხაზის გასწვრივ ატარებს. ზოგიერთ დღეს შეტაკებების რაოდენობა 300-საც აღწევს, რაც ყველაზე მაღალი რიცხვია ომის დაწყებიდან. თუმცა უკრაინის არმია ახერხებს მტრის შეკავებას, კრემლის გეგმებს ხელს უშლის და აქტიურად აგრძელებს თავდაცვითი ტაქტიკის გამოყენებას“, – განაცხადა სირსკიმ.

მისივე თქმით, რუსული დაჯგუფებები, დიდი ხანია, დაახლოებით, 710 000 ჯარისკაცს ითვლის, თუმცა, ამავდროულად, მტერი ვერ ახერხებს ამ მაჩვენებლის გაზრდას, რადგან უკრაინელი ჯარისკაცების წყალობით ყოველდღიურად ათას ჯარისკაცს კარგავენ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა აღნიშნა, რომ ნოემბერში უზარმაზარი დანაკარგების ფასად რუსებმა შეძლეს უკრაინის ზოგიერთი ტერიტორიაზე კონტროლის დამყარება, მაგრამ რუსული პროპაგანდისტული განცხადებები რუსული ჯარების წინსვლის ტემპის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

„გარდა ამისა, ჩვენ ვატარებთ საკუთარ აქტიურ ოპერაციებს. კერძოდ, ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში პოკროვსკში, ქალაქის ჩრდილოეთ ნაწილში შევძელით, დაახლოებით, 16 კვადრატული კილომეტრის დაბრუნება. მირნოგრადის ლოგისტიკა რთულია, მაგრამ ის გრძელდება. ამავდროულად, ტერიტორიული დანაკარგები არ დაფიქსირებულა კუპიანსკის, კონსტანტინოვსკისა და პრიდნიპროვსკის მიმართულებებზე“, – განაცხადა სირსკიმ.