ალექსანდრ სირსკი - რუსეთს ათი ახალი დივიზიის ფორმირება სურს, ჩვენ, მობილიზაციის გაგრძელებისა და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს
ალექსანდრ სირსკი - რუსეთს ათი ახალი დივიზიის ფორმირება სურს, ჩვენ, მობილიზაციის გაგრძელებისა და საბრძოლო მომზადების გაუმჯობესების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს

რუსეთს ათი ახალი დივიზიის ფორმირება სურს, ჩვენ, მობილიზაციის გაგრძელების გარდა, სხვა გზა არ გვაქვს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკიმ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ ივლისში მიღწეული შედეგების განსახილველად შეხვედრა გამართა.

როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ხელისუფლება მიზნად ისახავს, რომ წლის ბოლომდე 10 ახალი დივიზია ჩამოაყალიბოს, მათგან ორი კი  უკვე შეიქმნა.

„ამის გამო ჩვენ არ გვაქვს სხვა არჩევანი, გარდა მობილიზაციის გაგრძელებისა, საბრძოლო მომზადების გაუმჯობესებისა და ჩვენი ქვეითთა გაძლიერებისა“, – აღნიშნა მთავარსარდალმა.

სირსკის თქმით, ყველაზე რთული სიტუაცია ამჟამად პოკროვსკის, დობროპოლისა და ნოვოპავლოვსკის მიმართულებებზეა.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თქმით, ივლისში უკრაინას მნიშვნელოვანი მიღწევები ჰქონდა, კერძოდ, დაზიანდა რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის ათობით ობიექტი,  ასევე, „შაჰედების“ და სხვა იარაღის საწყობები, სამხედრო აეროდრომები და ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები.

„ჩვენმა უპილოტო აპარატებმა და სხვა დამატებითმა საშუალებებმა მნიშვნელოვნად შეამცირეს აგრესორის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსის საწარმოო შესაძლებლობები“, – აღნიშნა სირსკიმ.

მისივე თქმით, ივლისში რუსეთის დანაკარგი 33 200-ზე მეტი ადამიანი იყო, რაც 800 ადამიანით მეტია წინა თვესთან შედარებით.