ალექსანდრ სირსკი - ბახმუტის დამცველები იყენებენ აქტიური თავდაცვის პრინციპს, რომლითაც ანადგურებენ რუსეთის გეგმებს
ალექსანდრ სირსკი - ბახმუტის დამცველები იყენებენ აქტიური თავდაცვის პრინციპს, რომლითაც ანადგურებენ რუსეთის გეგმებს

უკრაინის ქალაქ ბახმუტის დამცველები იყენებენ აქტიური თავდაცვის პრინციპს, რომლითაც ანადგურებენ რუსეთის გეგმებს, – ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაურმა, ალექსანდრ სირსკიმ განაცხადა.

სირსკი უკრაინელ სამხედროებს ბახმუტთან ახლოს ეწვია და მადლობა გადაუხადა ბოლო სამი დღის განმავლობაში განხორციელებული კონტრშეტევისთვის, რითიც მტრის დეზორიენტაცია გამოიწვიეს.

„ძვირფასო ძმებო, ძვირფასო გმირებო, დღეს თქვენ წერთ უახლეს ისტორიას. ჩვენი ომის კიდევ ერთი ახალი ფურცლის წერა დაიწყეთ სამი დღის წინ, როცა შეტევაზე გადახვედით. თქვენი ქმედებებით მთელი რუსული ჯარი დააბნიეთ. მათ არ იციან, სად არის შეტევა, რა ხდება ბახმუტთან, რომელსაც უკვე თავიანთ საკუთრებად თვლიდნენ. ახლა სიტუაცია სრულიად განსხვავებულია“, – მიმართა სამხედროებს სახმელეთო ჯარების მეთაურმა.

სირსკიმ აღნიშნა, რომ ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად მიიღო აუცილებელი გადაწყვეტილებები თავდაცვითი ოპერაციის გასაგრძელებლად და განიხილა მოვლენების განვითარების ყველა შესაძლო სცენარი.