ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებში ახალი მიმართულება, უპილოტო საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიქმნება
ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ უკრაინის საჰაერო ძალებში ახალი მიმართულება, უპილოტო საჰაერო თავდაცვის სისტემები შეიქმნება

უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ საჰაერო ძალებში ახალი მიმართულება შეიქმნება. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ახალი სისტემები „შაჰედის“ ტიპის დრონების 70%-ზე მეტის განადგურებას ეფექტურად შეძლებენ.

„მოქალაქეების დაცვა, კრიტიკული ობიექტებისა და ინფრასტრუქტურის დაცვა მტრის საჰაერო თავდასხმებისგან მთავრობის, პრეზიდენტისა და თავდაცვის ძალებისთვის უმთავრესი პრიორიტეტია. ამ საკითხის მოსაგვარებლად, საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობის გაზრდასთან ერთად, ჩვენ ასევე ვავითარებთ სხვა სფეროებს, რომლებიც უზრუნველყოფენ მტრის საჰაერო თავდასხმებთან ბრძოლის ეფექტურობას. ჩვენ უკვე ვმუშაობთ შეიარაღებული ძალების ახალი მიმართულების – უპილოტო საჰაერო თავდაცვის სისტემების შექმნაზე“ – განაცხადა სირსკიმ.

ამასთან, უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალმა ფრონტზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.

„რაც შეეხება ფრონტზე არსებული საერთო მდგომარეობას, ის კვლავ რთული რჩება. მტერი აგრძელებს წინსვლას მთავარ მიმართულებებზე, განსაკუთრებით პოკროვსკოესა და დობროპილსკეში. დაძაბულობა ასევე რჩება ლიმანსკისა და ნოვოპავლივსკის მიმართულებით. სხვა მიმართულებით დაბალი ინტენსივობის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს. საერთო ჯამში, სიტუაცია ჩვენი კონტროლის ქვეშაა“, – აღნიშნა სირსკიმ.

როგორც სირსკიმ აღნიშნა, აქტიური ფრონტის ხაზი ამჟამად თითქმის 1250 კმ-ზეა გადაჭიმული, რომელიც ბოლო ერთი წლის განმავლობაში დაახლოებით 200 კმ-ით გაფართოვდა.