ალექსანდრ ლუკაშევიჩი – რუსეთი უკრაინის საზღვარზე ეუთო-ს მისიის მანდატის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს

23:32, 02.09.2021

რუსეთი უკრაინის საზღვარზე ეუთო-ს მისიის მანდატის გახანგრძლივებას მხარს არ დაუჭერს, – ამის შესახებ განცხადება ეუთო-ში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენლებმა, ალექსანდრ ლუკაშევიჩმა განაცხადა.

საუბარია ეუთო-ს დამკვირვებლებზე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე იმყოფებოდნენ და უკრაინის საზღვარზე საავტომობილო გადასასვლელ პუნქტებზე არსებულ სიტუაციას აკვირდებოდნენ. ეუთო-ს მეთვალყურეები ამ გადასასვლელ პუნქტებზე 2014 წლის 29 ივლისს მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე იმყოფებოდნენ.

ლუკაშევიჩის თქმით, რუსეთი ვერ ხედავს საფუძველს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის მანდატის 30 სექტემბრის შემდეგ გახანგრძლივებისთვის და ეს გადაწყვეტილება გასაჩივრებას არ დაექვემდებარება.

მისივე თქმით, ეუთო-ს მეთვალყურეების რუსეთის ტერიტორიაზე განთავსება მიზნად ისახავდა „უკრაინის ხელისუფლების წაქეზებას, რათა მათ შეესრულებინათ უკრაინელი ხალხისთვის მიცემული პირობა და შეეწყვიტათ დონბასში სამხედრო ოპერაციის გზით განსხვავებული აზრის ჩახშობა“.

უკრაინაში მიიჩნევენ, რომ ეუთო-ს მისიისთვის დაბრკოლებების შექმნით, რუსეთს სურს გააგრძელოს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე იარაღის და სამხედრო აღჭურვილობის შეტანა და სამხედროების გაგზავნა.

უკრაინის საგარეო უწყებაში რუსეთის გადაწყვეტილება დაგმეს და მოსკოვს მინსკის შეთანხმების დარღვევაში დასდეს ბრალი.

მსგავსი