ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩემი ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა და არჩევნების აღიარება არასდროს არავისთვის გვითხოვია
ალექსანდრ ლუკაშენკო - ჩემი ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა და არჩევნების აღიარება არასდროს არავისთვის გვითხოვია

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს თქმით, მისი ინაუგურაცია საიდუმლო არ ყოფილა, რადგან ცერემონიალზე დაპატიჟებული იყო 2 000 სტუმარი. მისი განცხადებით, მინსკი არ არის ვალდებული, პრეზიდენტის ინაუგურაციის შესახებ ვინმეს წინასწარ შეატყობინოს.

„ჩვენ ვიცით, რა პოზიცია აქვთ მეზობელ ქვეყნებს, განსაკუთრებით პოლონეთს. გუშინდელ ინაუგურაციასთან დაკავშირებით არის წყენა, თუ ერთგვარი პრეტენზიები, რომ ჩვენ არ შევატყობინეთ ცერემონიალის შესახებ პოლონეთს, ლიეტუვას, უკრაინას, ჩეხეთს ან ვინმე სხვას. მგონი, კანონით, ჩვენ დასავლეთის ქვეყნები და არც სხვა ვინმე არ უნდა გაგვეფრთხილებინა. ეს ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეა“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

ამასთან, ლუკაშენკომ განაცხადა, რომ ბელარუსს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების აღიარება არასდროს არავისთვის უთხოვია.

„ახლა ყვირიან, რომ არჩევნებს არ აღიარებენ. ჩვენ არავისთვის და არასდროს გვითხოვია ეღიარებინათ ჩვენი არჩევნები ან არჩეული პრეზიდენტის ლეგიტიმურობა. მთავარია, არჩევნები ჩვენი ქვეყნის კონსტიტუციას შეესაბამებოდეს“, – განაცხადა ლუკაშენკომ.

შეგახსენებთ, 23 სექტემბერს მინსკში ალექსანდრ ლუკაშენკოს ინაუგურაცია გაიმართა. ცერემონიალის გამართვის შესახებ ინფორმაცია წინასწარ არ გაუვრცელებიათ. აშშ-სა და ევროკავშირში განაცხადეს, რომ ლუკაშენკოს ბელარუსის ლეგიტიმურ პრეზიდენტად არ აღიარებენ.