ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა
ალექსანდერ შალენბერგი ავსტრიის კანცლერი გახდა

ავსტრიას ახალი კანცლერი ჰყავს. ყოფილმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა ვენის საპრეზიდნეტო დარბაზში ფიცი უკვე დადო. შალენბერგი ამ პოსტზე მას შემდეგ წარადგინეს, რაც სებასტიან კურცი კორუფციული სკანდალის გამო თანამდებობიდან გადადგა.

როგორც ავსტრიის პრეზიდენტმა ალექსანდრ ვან დერ ბელენმა ახალი კანცლერის ფიცის დადების ცერემონიაზე განაცხადა, შალენბერგს დიპლომატიური გამოცდილება „დაპირისპირებული მხარეების პოზიციების დაახლოებაში“ დაეხმარება, რაც კანცლერობის დროს მას აუცილებლად გამოადგება.

ასევე, ცნობილი გახდა, რომ ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის თანამდებობაზე შალენბერგს საფრანგეთის ყოფილი ელჩი მიხაელ ლინარტი შეცვლის.

შეგახსენებთ, რომ ავსტრიის კანცლერი სებასტიან კურცი 9 ოქტომბერს გადადგა. მას და კიდევ ცხრა ადამიანს ბიუჯეტის ხარჯზე სოცალური გამოკითხვებით მანიპულაციებსა და მედიის მოსყიდვაში ადანაშაულებენ. თავად კურცი ბრალდებას უარყოფს და აცხადებს, რომ თანამდებობის დატოვებას დიდი ხნის წინ გეგმავდა.