ალექსანდერ ჰალფლამი - გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მეტ დემოკრატიულობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ, ეს იქნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიის გზავნილი
ალექსანდერ ჰალფლამი - გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მეტ დემოკრატიულობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ, ეს იქნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიის გზავნილი

გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მეტ დემოკრატიულობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე, ვფიქრობ, ეს იქნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიის გზავნილი, – ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მონაწილემ, გერმანიის პარლამენტის წევრმა, ალექსანდერ ჰალფლამმა განაცხადა.

გერმანელი დეპუტატის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ქართული დელეგაცია ესწრება ლონდონში მიმდინარე ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესიას.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ქართველი კოლეგები აქ არიან, რადგან ვიზიარებთ, რომ სიტუაცია ქვეყანაში რთულია რუსეთის გამო და ამ დიდი მეზობლის გამო არის პრობლემები. კარგი შესაძლებლობაა, ვისაუბროთ ამ ფორმატში ჩვენს ქართველ მეგობრებთან და რაც მთავარია, მოვუსმინოთ, რა სურთ მათ ნატო-სგან მომავალი წლების განმავლობაში, საქართველოს მომავლისთვის“, – განაცხადა გერმანიის პარმანეგტის წევრმა.

ჰალფლამმა გერმანიის პრეზიდენტის, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტიც შეაფასა.

„ძალიან კარგი ვიზიტი ჰქონდა. ვფიქრობ, მან მშვენიერი განცხადებები გააკეთა. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკუთარი გზა. ძალიან რთულია ახლა კონკრეტულ თარიღებზე საუბარი, მაგრამ ჩვენ გვსურს, მხარი დავუჭიროთ საქართველოს მეტ დემოკრატიულობას ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. ვფიქრობ, ეს იქნება ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის ამ სესიის გზავნილი,“ – განაცხადა  ალექსანდერ ჰალფლამმა.

ლონდონში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 65-ე პლენარული სესია გაიხსნა. ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტები სამი დღის განმავლობაში იმსჯელებენ ორგანიზაციის სამომავლო ნაბიჯებზე.