ალექსანდრე რაქვიაშვილი - იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა, საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს, ძალიან უცნაურად მოიქცა
ალექსანდრე რაქვიაშვილი - იუსტიციის სამინისტრომ გადაწყვიტა, საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს, ძალიან უცნაურად მოიქცა

„გირჩის“ წევრის, ალექსანდრე რაქვიაშვილის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის კადრების გასაჯაროება საზოგადოებაში პროტესტს მეტად აღრმავებს.

რაქვიაშვილის თქმით, იუსტიციის სამინისტრომ ამ კუთხით უცნაური ნაბიჯი გადადგა.

„იუსტიციის სამინისტრომ რატომღაც გადაწყვიტა, ჩვენს საზოგადოებაში ისედაც სერიოზული დაპირისპირება უფრო გააღრმაოს. ძალიან უცნაურად მოიქცა. ერთი მხრივ, მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც ითხოვდნენ კადრების გასაჯაროებას, მაგრამ ალბათ ჯერ მათი თანხმობა იქნებოდა საჭირო. მინისტრი რომ გამოსულიყო და ეთქვა, სწორი არ არის და თუ თქვენ თანახმა ხართ, ამა და ამ დღის ჩანაწერებს გავასაჯაროებთ, ეს იქნებოდა სწორი გზა. მიუხედავად იმისა, რა პასუხი წამოვიდოდა მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების მხრიდან, ნებისმიერ შემთხვევაში, პრეტენზიები იუსტიციის სამინისტროსთან არ იქნებოდა. რა ფორმით და შინაარსითაც გაკეთდა, ფაქტობრივად, პროტესტის უფრო მეტად გაღრმავებაა, რომ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები უფრო გამწარდნენ. კიდევ უფრო მეტი ჩხუბისკენ გადადგმული ნაბიჯია, რაც ცუდია. ამ თემამ შეიძლება, უფრო გადაფაროს ის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებიც ჩვენ გვაქვს“, – განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.