ალექსანდარ ჯიკიჩი - მზად ვართ ბრძოლისთვის, ევრობასკეტი იწყება და ესპანეთთან დიდი შეხვედრა გველოდება #1TVSPORT
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ალექსანდარ ჯიკიჩმა ევრობასკეტის პირველი ტურის მატჩის წინ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.
„ბევრი ვიმუშავეთ, აქამდე მოვედით და ამით ვამაყობთ. მზად ვართ ბრძოლისთვის, ევრობასკეტი იწყება და წინ დიდი შეხვედრა გველოდება ესპანეთთან. ტრიბუნაზე ბევრ ქართველ ქომაგს ველოდები.
რა თქმა უნდა, სირთულეები გვქონდა, მაგრამ ეს უკვე წარსულია. ახლა მხოლოდ მომავალზე და პირველ მატჩზე ვფიქრობთ. ესპანეთთან დაპირისპირება ჩემთვის განსაკუთრებულია, ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი მწვრთნელის წინააღმდეგ უნდა ვითამაშო, რომელიც კალათბურთის ისტორიაშია შესული.
ესპანეთს სისუსტე თითქმის არ აქვს, ეს გუნდი გამოცდილი და მაღალი დონის მოთამაშეებითაა დაკომპლექტებული, ყველა კომპონენტში ძლიერები არიან და ტურნირის მოგების ერთ-ერთი ფავორიტებიც. თუმცა, ეს იქნება სტილების დაპირისპირება. ჩვენც გვაქვს ძლიერი მხარეები და მჯერა, ეს გამოჩნდება“, – განაცხადა ჯიკიჩმა.
საქართველოსა და ესპანეთის ნაკრებების მატჩი 28 აგვისტოს, თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება, შეხვედრის პირდაპირ რეპორტაჟს პირველი არხი შემოგთავაზებთ.