ალენ სიმონიანი - სომხეთის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი სერიოზულად უნდა განიხილებოდეს
სომხეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე რუსული ტელეარხების მაუწყებლობის შეჩერების საკითხი სერიოზულად უნდა განიხილებოდეს, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ალენ სიმონიანმა განაცხადა.
სიმონიანმა გამოთქვა მოსაზრება, რომ ზოგიერთი რუსული სატელევიზიო პროგრამა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობებს ზიანს აყენებს.
„ჩვენ ძალიან კარგი ვიზიტები გვქონდა ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარესთან, ვალენტინა მატვიენკოსა და სხვა თანამდებობის პირებთან. ახლა ზოგიერთი ადამიანი, შესაძლოა, სამველ კარაპეტიანის მიერ დაფინანსებული, ცდილობს ამ უკანასკნელის დაცვას. ნუ ჩაერევიან ჩვენს შიდა საქმეებში“, – განაცხადა სიმონიანმა.
ეროვნული კრების თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ ასეთი პროგრამები და პოზიციები არა მხოლოდ მასში, არამედ სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეების აბსოლუტურ უმრავლესობაშიც ნეგატიურ ემოციებს იწვევს.