ალენ სიმონიანი - აზერბაიჯანთან ესკალაციის რისკი არსებობს, თუმცა ესკალაციისთვის მიზეზი და საფუძველი - არა და არც უნდა იყოს
ალენ სიმონიანი - აზერბაიჯანთან ესკალაციის რისკი არსებობს, თუმცა ესკალაციისთვის მიზეზი და საფუძველი - არა და არც უნდა იყოს

აზერბაიჯანთან ესკალაციის რისკი არსებობს, თუმცა ესკალაციისთვის მიზეზი და საფუძველი – არა და არც უნდა იყოს, – ამის შესახებ სომხეთის პარლამენტის სპიკერმა, ალენ სიმონიანმა განაცხადა.

სომხეთის საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის თქმით, ყოველთვის გათვალისწინებული უნდა იყოს ყველაზე უარყოფითი სცენარი, რომელიც ნებისმიერ მომენტში შეიძლება მოხდეს.

ალენ სიმონიანის განცხადებით, აზერბაიჯანთან მოლაპარაკებები გრძელდება და 12 შემთხვევა იყო, როდესაც სამშვიდობო შეთანხმებასთან დაკავშირებით წინადადებები აზერბაიჯანში გაიგზავნა და უკან დაბრუნდა.

სომხეთის პარლამენტის სპიკერის განცხადებით, სომხეთმა არაერთხელ განაცხადა, რომ მას არ აქვს ტერიტორიული პრეტენზია, ძალიან მკაცრად იცავს თავის ვალდებულებებს და გააგრძელებს მუშაობას ყველა პრობლემური საკითხის გადაწყვეტაზე.

„ზოგადად, ამ თემის გარშემო ბევრი სიახლე და გარკვეული ცვლილებები შეიძლება იყოს, რომლებსაც ჩვენ განვიხილავთ, მაგალითად, აზერბაიჯანისთვის ჩვენი პასუხი შეიძლება იყოს ამ კვირის განმავლობაში. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ მზად ვართ, დავაყენოთ საგუშაგოები და გავხსნათ გზები. ეს არის პროცესი, რომელიც არ ჩერდება. პრემიერ-მინისტრი, შესაძლოა, ახალი განცხადებით გამოვიდეს ამ კვირაში“, – განაცხადა ალენ სიმონიანმა.