ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა – „ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები დარჩება, შემდეგი კრიზისი უკვე დაიწყო, მას ორი სახელი აქვს – ფული და ძალაუფლება“
ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაცია გააკრიტიკა.
ბერსემ ფიფა-ს მოუწოდა, ახალი ჩარჩოშეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყოს.
„დღეს საღამოს ზეიმი დასრულდება, მაგრამ კითხვები დარჩება. შემდეგი კრიზისი უკვე დაიწყო. მას ორი სახელი აქვს: ფული და ძალაუფლება“, – აღნიშნულია ალენ ბერსეს ღია წერილში, რომელიც 19 ივლისს, კვირას, ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალური მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე გამოქვეყნდა.
წერილში ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი FIFA-ს აკრიტიკებს „პოლიტიზაციის, რასისტული ელფერით გამორჩეული სკანდალებისა და ფსონების სფეროში მოქმედ კომპანია ADI Predictstreet-თან თანამშრომლობის“ გამო, რაც, მისი შეფასებით, „თაღლითობას უხსნის გზას“.
2018 წელს ევროპის საბჭომ და ფიფა-მ ურთიერთგაგების მემორანდუმი გააფორმეს, რომლის მიხედვითაც, ფიფა-მ აიღო ვალდებულება, პატივი სცეს ევროპის საბჭოს სტანდარტებსა და პრინციპებს, მათ შორის ადამიანის უფლებების დაცვასა და „კარგ მმართველობას“.
ალენ ბერსე მიიჩნევს, რომ, ჩრდილოეთ ამერიკაში გამართული 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის დროს განვითარებული მოვლენების გათვალისწინებით, 2030 წლის საფეხბურთო ჩემპიონატამდე ეს ჩარჩოშეთანხმება უნდა გადაიხედოს.
ცნობისთვის, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში ფიფა და მისი პრეზიდენტი ჯანი ინფანტინო არაერთხელ გააკრიტიკეს. ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი შემთხვევა აშშ-ის ნაკრების ფეხბურთელის, ფოლარინ ბალოგანის დისკვალიფიკაციის გაუქმება იყო. გავრცელებული ინფორმაციით, ჯანი ინფანტინოს ამის გაკეთება პირადად სთხოვა აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა.
ფიფა ასევე გააკრიტიკეს იმის გამო, რომ სპორტულმა კომპონენტმა ადგილი დაუთმო შოუსა და რეკლამას: გაიზარდა კომერციული შესვენებების, ცერემონიებისა და გასართობი პროგრამების რაოდენობა, განსაკუთრებით ფინალურ მატჩზე, რომლის ტაიმებს შორის გაიმართა ამერიკული ფეხბურთის ეროვნული ლიგის ფინალის, „სუპერბოულის“ ფორმატში შექმნილი მუსიკალური შოუ. გარდა ამისა, სააგენტო „ასოშიეთედ პრესის“ მონაცემებით, ტურნირის განმავლობაში ჯანი ინფანტინომ კატარის ავიახაზების კერძო თვითმფრინავით დაახლოებით 95 000 კილომეტრი იფრინა და 43 მატჩს დაესწრო. ამან გამოიწვია ბრალდებები თვალთმაქცობაში, რადგან ფიფა მანამდე CO₂-ის ემისიების მნიშვნელოვნად შემცირების პირობას დებდა.