ალენ ბერსე – პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ, პატივს ვცემ სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, შეინარჩუნოს სივრცე ოპოზიციისთვის
ევროსაბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე ოპოზიციურ პარტიებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვების დაწყების წინ აცხადებს, რომ პატივს სცემს სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპს, ამავდროულად, საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, დაიცვას დემოკრატია და პოლიტიკური პლურალიზმი.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო იწყებს ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმის განხილვას. სარჩელი სასამართლოს მმართველი უმრავლესობის 88-მა დეპუტატმა წარუდგინა. პროცესის შედეგს წინასწარ არ ვაფასებ და სრულად ვცემ პატივს სუვერენიტეტისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის პრინციპებს, თუმცა მმართველ უმრავლესობას მოვუწოდებ, დაიცვას პოლიტიკური პლურალიზმი და შეინარჩუნოს სივრცე პოლიტიკური ოპოზიციისთვის“, – აცხადებს ალენ ბერსე.
მისივე განმარტებით, პოლიტიკური პლურალიზმი ჯანსაღი დემოკრატიის აუცილებელი პირობაა და ევროპის საბჭოს წევრი სახელმწიფოს რანგში, ცენტრალური ადგილი უკავია საქართველოს მიერ აღებულ ვალდებულებებში.
„ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მონაწილე სახელმწიფოს სახით, საქართველო ვალდებულია, უზრუნველყოს გამოხატვის თავისუფლება და მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება. სწორედ ეს უფლებები აძლევს სხვადასხვა პოლიტიკურ ძალას საშუალებას, ორგანიზებულად იმოქმედონ, გამოხატონ თავიანთი პოზიცია და მიიღონ მონაწილეობა არჩევნებში. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, პოლიტიკური პარტიის აკრძალვას განსაკუთრებით დამაჯერებელი დასაბუთება სჭირდება და აუცილებლობისა და თანაზომიერების მკაცრ მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს. ეს საერთო ევროპული სამართლებრივი სივრცის ფუნდამენტური სტანდარტებია და საქართველოც ამ სივრცის ნაწილია. მმართველ უმრავლესობას განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ეკისრება, დაიცვას ეს პირობები და პატივი სცეს პოლიტიკური ოპოზიციის კანონიერ როლს როგორც პარლამენტში, ისე მის გარეთ. მმართველი პარტია, რომელიც საკუთარი ძალაუფლების დემოკრატიული შეზღუდვების მოხსნას ცდილობს, სწორედ იმ ქვეყანას ასუსტებს, რომლის სამსახურშიც თავს მიიჩნევს. ეს პროცესი მიმდინარეობს სამოქალაქო საზოგადოების, დამოუკიდებელი მედიისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების შეზღუდვების ზრდის ფონზე. ეს მოვლენები ერთობლიობაში საფრთხეს უქმნის ბალანსისა და შეკავების იმ მექანიზმებს, რომლებიც საქართველოში დემოკრატიული მმართველობისთვის აუცილებელია. ევროპის საბჭო განვითარებულ მოვლენებს ყურადღებით დააკვირდება და გააგრძელებს საქართველოსთან დიალოგს, რათა შეუწყოს ხელი კონვენციის დაცვას, ვალდებულებების შესრულებას, პოლიტიკური პლურალიზმის შენარჩუნებასა და ყველა მოქალაქის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას“, – აღნიშნავს ალენ ბერსე.
საქართველოს პარლამენტის 88 წევრის კონსტიტუციური სარჩელი ეხება პოლიტიკური პარტიების, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“, „კოალიცია ცვლილებისთვის – გვარამია მელია გირჩი დროა“, „ძლიერი საქართველო – ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“, „ფედერალისტური პარტიის“, „გახარია საქართველოსთვის“ საქმიანობის აკრძალვას. საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელის განხილვა ხვალ, 21 ოქტომბერს იწყება.