ალენ ბერსე - გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, მოვუწოდებ დონორებს, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში
სტრასბურგში რომ დავბრუნდები, ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირს, ყველა პარტნიორს. ასევე მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც ძალიან მალე გეგმავს ვიზიტს საქართველოში, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბერსემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ქართულ მხარესთან ერთად შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რათა „უცხოური გავლენის შესახებ კანონი იქნას შეცვლილი“.
„ჩვენ გავაგრძელებთ ქართველ ხალხთან მუშაობას, ასევე უწყებებთან, სამოქალაქო საზოგადოების წევრებთან, რა თქმა უნდა, რეალობის გათვალისწინებით. მინდა, მოვუწოდო დონორებს, პირიქით, გააძლიერონ და არ შეამცირონ მხარდაჭერა ამ საქმიანობაში. მინდა, მოკლედ გითხრათ, რა მოხდება შემდეგ. სტრასბურგში რომ დავბრუნდები, ამ ვიზიტის შედეგებთან დაკავშირებით საქმის კურსში ჩავაყენებ ყველა წევრ სახელმწიფოს, ევროკავშირს, ყველა პარტნიორს. ასევე მივაწვდი ინფორმაციას ადამიანის უფლებათა კომისარს, რომელიც ძალიან მალე გეგმავს ვიზიტს საქართველოში და საპარლამენტო ასამბლეის მომხსენებელი იანვარში გეგმავს ჩამოსვლას. ასევე ადგილობრივი და რეგიონული უწყებების კონგრესი გეგმავს საქარველოში ჩამოსვლას.
შემდეგი კვირის დასაწყისში „სიპიტის“ წინასწარი დასკვნები იქნება გაზიარებული. ქმედებები, რომლებიც სახელმწიფომ უნდა განახორციელოს, უნდა იყოს მყისიერი. „სიპიტის“ შემდგომი ვიზიტი შეიძლება ასევე განხორციელდეს უახლოეს კვირებში. როგორც გითხარით, ჩვენ შევქმნით ერთობლივ სამუშაო ჯგუფს ქართულ მხარეებთან ერთად, რათა ე.წ. უცხოური გავლენის შესახებ კანონი იქნას შეცვლილი. ჩვენ სამოქმედო გეგმის მიხედვით მთავარ პრიორიტეტულ სფეროებზე გავაკეთებთ აქცენტირებას, ეს არის სამოქალაქო საზოგადოება, მართლმსაჯულება, საარჩევნო უფლებები, ციხე, პრობაცია. საქართველოს ადგილი იყო და არის ევროპაში, საქართველო არის ევროპის საბჭოს წევრი, ჩვენ გავაგრძელებთ საქართველოს მხარდაჭერას მის დემოკრატიულ გზაზე“, – განაცხადა ალენ ბერსემ.
მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.