ალენ ბერსე - ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, სტრასბურგიდან გამეკეთებინა განცხადებები, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი, მტკიცედ თუ დავდგებით საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით, სიტყვა არ იქნება მარტო სიტყვა, იქნება ფაქტები
ალენ ბერსე - ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, სტრასბურგიდან გამეკეთებინა განცხადებები, მაგრამ გადავწყვიტე, ჩამოვსულიყავი, მტკიცედ თუ დავდგებით საქართველოს, ქართველი ხალხის გვერდით, სიტყვა არ იქნება მარტო სიტყვა, იქნება ფაქტები

მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე, არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ, რომ მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რათა ძალადობა იქნას დაგმობილი ყველა მიმართულებით, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს გენერალურმა მდივანმა, ალენ ბერსემ პრესკონფერენციაზე კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბერსეს კითხვა დაუსვეს, აქვს თუ არა ინფორმაცია აქციებზე დაშავებულ სამართალდამცველთა რაოდენობის შესახებ და როგორია მისი შეფასება.

„კონკრეტულ დეტალზე ნამდვილად ვერ გავაკეთებ კომენტარს. ამიტომაც გვჭირდება კანონის უზენაესობა, სტაბილური ინსტიტუციები, რათა ყველა პრობლემაზე ვიმუშაოთ. მე არ ვიყავი უშუალოდ დემონსტრაციების ადგილზე, არ მიმიღია მონაწილეობა, შესაბამისად, ვერ გავაკეთებ შეფასებას. ჩვენ აქ ვართ, რომ ჩვენი კომპეტენციები, მხარდაჭერა გამოვუცხადოთ ქვეყანას, რათა ძალადობა იქნას დაგმობილი ყველა მიმართულებით. დანარჩენი არის საქართველოს ხელისუფლების უფლებამოსილება. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, არავითარ შემთხვევაში არ იქნას დაშვებული, რომ ძალადობა გადაიქცეს დაუსჯელობად. ამიტომაც არსებობენ უწყებები, ამიტომაც არსებობს კანონები და ამიტომაც საუბრობს მუდმივად ევროპის საბჭო, მუდმივად იმეორებს, რომ მნიშვნელოვანია სამართლიანობა, კანონის უზენაესობა, კანონების სამართლიანი აღსრულება“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

ამასთან, პრესკონფერენციაზე ალენ ბერსეს კითხვა დაუსვა „ჯორჯიან თუდეის“ წარმომადგენელმა: „ოპოზიციურმა პარტიებმა გააკრიტიკეს თქვენი ვიზიტი, ასევე ფრანგმა პოლიტიკოსმა, ნატალი ლუაზომ სოცმედიაში დაგადანაშაულათ, რომ თქვენ ქმნით საქართველოში გაურკვევლობას ამ კრიზისული პერიოდის განმავლობაში. როგორ უპასუხებთ ამ ბრალდებებს?“, რაზეც ბერსემ აღნიშნა:

„სიტყვა ბრალდება ძალიან ბრუტალურია. საქართველოში უკვე სამი დღეა, ვიმყოფები, რათა შევხვდე ყველას. მგონი, ერთადერთი სწორი გზაა, შეხვიდე კონტაქტში, გაარკვიო, რა არის საუკეთესო გზა, ქმედება. რა თქმა უნდა, ჩემთვის უკეთესი იქნებოდა, დავრჩენილიყავი ჩემს ოფისში, სტრასბურგში და იქიდან გამეკეთებინა განცხადებები საქართველოს შესახებ. მე გადავწყვიტე,  ჩამოვსულიყავი, რათა სამი სრული დღე გამეტარებინა აქ. მგონი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ქმედებაა. ერთადერთი გზა ეს არის, რომ ყველასთან შეხვედრის შესაძლებლობა მოგეცეს. შეიძლება ასე ყოფილიყო, რომ მეთქვა, მზად ვარ, ყველას შევხვდე სტრასბურგში, მაგრამ ყველა შეძლებდა ჩამოსვლას ჩემთან შესახვედრად? საქართველოში ჩამოსვლით ყველას მივეცი საშუალება, შემხვედროდა. რაც შეეხება იმას, რომ არ არის მიზანმიმართული შეხვედრა და აზრს მოკლებულია – ამაში არ გეთანხმებით. მე ვბრუნდები სტრასბურგში იმით, რომ არის ერთობლივი განზრახულობა, ვიმუშაოთ კანონზე უცხოური გავლენების შესახებ. მარტო ეს ელემენტი უკვე ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის, სამოქალაქო საზოგადოებისა და საქართველოს ევროპული გზისთვის. აქ რომ ჩამოვედი, ვისაუბრეთ, მაგალითად, გადამეტებული ძალის გამოყენებაზე – ადამიანების წინაშე ამ ყველაფრის თქმა მნიშვნელოვანია. მეორე არის ეტაპობრივი გათავისუფლება ყველა ადმინისტრაციული წესით დაპატიმრებული ადამიანებისა. უკვე განსხვავებულად ჟღერს, როცა მოდიხარ, ყველა მხარეს ხვდები. მესამე არის გამჭვირვალე, ეფექტური გამოძიების ჩატარება ყველა ინციდენტზე, რომელიც მოხდა დემონსტრაციების დროს, ამის პასუხისმგებლობის გაჟღერება. ამ ყველაფრის თქმა საქართველოში ჩამოსვლით და ხალხის წინაშე, უკვე განსხვავებული ამბავია. კიდევ ვახსენე „სიპიტი“ და ვისაუბრე შემდეგ ეტაპებზე, საფეხურებზე. ასევე კომისრის, ასამბლეის ჩამოსვლაზე. ეს არის განსხვავება, ეს არის ის, რაც იცვლება. ნამდვილად ვერ დაგეთანხმებით, რომ ამ შეხვედრას მიზანი არ ჰქონდა. ჩვენ თუ მტკიცედ დავდგებით საქართველოს და ქართველი ხალხის გვერდით, სიტყვა არ იქნება მარტო სიტყვა, ეს იქნება კონკრეტული ფაქტები და აქ ჩამოსვლა, სამი სრული დღის გატარება არის უკვე ფაქტი“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

პრესკონფერენციაზე ერთ-ერთი მედიის წარმომადგენელი ასევე დაინტერესდა, ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს რამდენად აქვს მოლოდინი, რომ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით „ქართული ოცნება“ დაპირებას შეასრულებს. ბერსეს თქმით, მას აქვს მოლოდინი, რომ კანონში ცვლილებები შევა.

„ჩვენ გვაქვს ახლა მიღებული დაპირება და ათვლის წერტილი არის დღევანდელი დღე. გვაქვს მოლოდინი, რომ შეიცვლება კანონი. როგორც გითხარით, აქ ვარ დელეგაციასთან ერთად სამი დღის განმავლობაში, დასასვენებლად ხომ არ ჩამოვსულვართ? ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ამ სამი დღის განმავლობაში, ვხვდებოდით ყველას და მივიღეთ დაპირება, რომ ერთობლივად ვიმუშავებთ შემდეგი კვირების განმავლობაში, სამუშაო ჯგუფით დავიწყებდით კანონის ცვლილებას და, რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ეს შეიცვლება. ნათელია, რომ გვაქვს სიტყვები, გვაქვს გაცემული დაპირებები, ვალდებულებები, მაგრამ ასევე ეს უნდა გახდეს ფაქტი. რა თქმა უნდა, ჩვენ დაგვჭირდება გარკვეული დრო. რა გინდათ, რომ დღეს, შუადღესვე ვთქვათ, სამუშაო ჯგუფი ვინ არის? ჩვენ უნდა მოვძებნოთ ექსპერტები, ჩვენი ექსპერტებიც. ეს ექსპერტები ძალიან დაკავებული არიან, ბევრს მუშაობენ. მოგეხსენებათ, ახლა საშობაო არდადეგები იწყება, ასევე ვენეციის კომისიას ვერ მისცემ მკაცრ დავალებას, აბა, ხვალვე შეიკრიბეთ და დაიწყეთ მუშაობა. ჩვენ ამას დავაორგანიზებთ. ეს არის კვირების ამბავი და არა წლების. კვირების, ოღონდ ერთ თვემდე კვირების, რადგან ჩვენ გვინდა, ხარისხიანად გაკეთდეს ყველაფერი და ამ პროცესმა წინ უნდა დაიწყოს სვლა. პირველი წინსვლა იქნება ეს აღებული ვალდებულება – ძალიან მკაფიო ვალდებულება, თანხმობა. შევთანხმდით, რომ ეს გაკეთდებოდა და ვიმუშავებთ ჩვენი ექსპერტების მონაწილეობით. მოლოდინი გვაქვს, რომ რამდენიმე კვირაში შეგვეძლება კონკრეტულ აქტორებთან მუშაობის დაწყება“, – განაცხადა ალენ ბერსემ.

მომზადებულია სინქრონული თარგმანის მიხედვით.