ალენ ბერსე აკრიტიკებს ცხრა ევროპული ქვეყნის ინიციატივას უცხოელი დამნაშავეების გაძევების გამარტივების შესახებ
ევროპის საბჭოს გენერალური მდივანი ალენ ბერსე აკრიტიკებს ცხრა ევროპული ქვეყნის ინიციატივას უცხოელი დამნაშავეების გაძევების გამარტივების შესახებ.
„საზოგადოებაში, რომელსაც კანონის უზენაესობა მართავს, არცერთი სასამართლო არ უნდა განიცდიდეს პოლიტიკურ ზეწოლას. ინსტიტუტები, რომლებიც იცავენ ფუნდამენტურ უფლებებს, არ შეიძლება, ემორჩილებოდნენ პოლიტიკურ ციკლებს. თუკი ამას აკეთებენ, ჩვენ ვართ იმ სტაბილურობისთვის ძირის გამოთხრის რისკის წინაშე, რომლის უზრუნველსაყოფადაც ისინი შეიქმნენ. სასამართლო არ უნდა იყოს იარაღად გამოყენებული არც მთავრობების წინააღმდეგ და არც მათ მიერ“, – ნათქვამია ალენ ბერსეს განცხადებაში.
როგორც სააგენტო „როიტერი“ წერს, რამდენიმე ევროპული ქვეყანა იმედგაცრუებულია იმის გამო, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იყენებს ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციას დეპორტაციების დასაბლოკად.
ცხრა ევროპული ქვეყნის მიერ შედგენილ წერილში, რომლის ინიციატორები იტალია და დანია არიან, ისინი მოუწოდებენ ევროკავშირს, გადახედონ, თუ როგორ ახდენენ სასამართლოები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ინტერპრეტაციას. ქვეყნები მიიჩნევენ, რომ ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებს უნდა ჰქონდეთ უფრო ფართო ეროვნული ავტონომია უცხოელი დამნაშავეების გაძევების გადაწყვეტილების მიღებისას.
ალენ ბერსე აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო შექმნილია წევრი სახელმწიფოების უფლებებისა და ღირებულებების დასაცავად და რომ სასამართლოს დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის დაცვა არის ამის საძირკველი.