ალუდა ღუდუშაური – მიხეილ სააკაშვილს თუ უნდოდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, არ უნდა გაქცეულიყო სხვა ქვეყანაში
დიალოგს არ აქვს ალტერნატივა. უნდა შევძლოთ, საერთო ენა გამოვნახოთ და დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან. ვფიქრობ, რომ ოპონენტი მხარე თავის თავში საღ აზრს იპოვის, გააცნობიერებს, რომ მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა მოვიდეს და ისეთი გადაწყვეტილება მივიღოთ, რომელიც სასარგებლო იქნება ქვეყნისთვის, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.
„პოლიტიკური პარტიები საკუთარი მე-დან უნდა ამოვიდნენ, რადგან ეს მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის. ცალკეული ევროპარლამენტარები მოუწოდებენ მიხეილ სააკაშვილს, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქე დაუფარავად და პირდაპირ ერევა საქართველოს შიდა საქმეებში. თუ მას უნდოდა, პოლიტიკაში ჩარეულიყო იმ ფორმით, როგორც დღეს ერევა, მას ამის მარტივი საშუალება ჰქონდა, არ უნდა ეთქვა უარი საქართველოს მოქალაქეობაზე, არ უნდა მიეგდო პასპორტი, არ უნდა გაქცეულიყო სხვა ქვეყანაში და სხვა ქვეყნის პასპორტი არ უნდა ჩაედო ჯიბეში“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
კითხვაზე, ევროპარლამენტარები არიან თუ არა სუბიექტურები, როცა საუბრობენ ჩრდილოვან მმართველობაზე, ალეკო ღუდუშაური აცხადებს, რომ „შეიძლება, იყოს სუბიექტური, ან ინფორმაციის ნაკლოვანებასთან გვქონდეს საქმე“.
„ჩვენი ოპონენტებისგან განსხვავებით, კრიტიკულ შენიშვნებს ვუღრმავდებუთ და ვცდილობთ, მათ მეტი ინფორმაცია მივაწოდოთ. არავის რჩება კითხვები, რომ საქართველო ნამდვილად ევროპული სტილის დემოკრატიული ქვეყანაა“, – აღნიშნა ღუდუშაურმა.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას ევროდეპუტატმა, ვიოლა ფონ კრამონმა განაცხადა, რომ სააკაშვილმა და ივანიშვილმა სამომავლოდ უნდა შეწყვიტონ პოლიტიკური ჩარევა. ამასთან, ევროდეპუტატის თქმით, მიხეილ სააკაშვილს აქვს არა კონსტრუქციული, არამედ მხოლოდ პროვოკაციული მიდგომა.