ალეკო ელისაშვილმა პოლიციელს მიმართა - გვარი მაინც მითხარი შენი, დაგიმახსოვრო კარგად, სამარცხვინო
საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა, ალეკო ელისაშვილმა რაიონის საოლქო საარჩევნო კომისიების შენობაში შესვლა და სხდომაზე დასწრება მოითხოვა.
საოლქოსთან პოლიცია იყო მობილიზებული. ადგილზე მოხდა დაპირისპირება.
„ნუ მეჯაჯგურებით და გამატარეთ, კანონით მეკუთვნის. ნუ გგონიათ, რომ სულ ასე იქნება, სათითაოდ მოგეკითხებათ უკანონობის დაცვა, განსაკუთრებით შენ, კაპიტანი კაცი რომ ხარ. გვარი მაინც მითხარი შენი, დაგიმახსოვრო კარგად. სამარცხვინო“, – მიმართა ალეკო ელისაშვილმა ადგილზე პოლიციის თანამშრომელს.
ელისაშვილის თქმით, მათ ამოიღეს უბნების მონაცემები, სადაც ხმებია დაკარგული საბურთალოზე.
„ხალხი ადგა, ხანდაზმული ხალხი, ამ კორონას დროს მოვიდა და ალალად ხმა მომცა. რა ნამუსით შევხედო იმ ხალხს თვალებში, რომ მათი ხმა ვერ დავიცავი, რადგან ეს ჩასუქებული ტიპები აგერ დგანან და არ მიშვებენ. ეს არის უკანონობა, წესით უნდა შემიშვას საოლქომ, რომ დავესწრო და თითო ხმაზე ვიბრძოლო“, – განაცხადა ელისაშვილმა.