თბილისის საქალაქო სასამართლომ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
გადაწყვეტილება მოსამართლემ თამარ მჭედლიშვილმა მიიღო.
როგორც ალეკო ელისაშვილმა სასამართლოს სხდომაზე განაცხადა, ალი ბაბაევი ბოლოს, სულ მცირე, 10 წლის წინ ჰყავდა ნანახი.
„რომელ პარტიაში იყო, წარმოდგენა არ მაქვს. უბრალოდ ვიცნობ სახით, სახელი და გვარიც არ მახსოვდა მისი. სახით მახსოვს, რადგან სახასიათო გარეგნობა აქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.
მისი თქმით, დაკავებაში დარწმუნებული იყო, რადგან წინა დღით საკუთარ სახლთან დაინახა, რომ უთვალთვალებდნენ.
„„მარიოტში“ ღონისძიებაზე მაინც წავედი, ტელეფონი, საფულე ახლობელს დავუტოვე. მე ვიცოდი, რომ მაკავებდნენ, ამიტომ არსად ვიმალებოდი. საქართველოს პარლამენტის დელეგაციაში ვიყავი, გერმანიის ბუნდესტაგში დავდიოდი, საფრანგეთის სენატში, დავდიოდი დელეგაციებით, რომ ამ ქვეყნის საქმე გაგვეკეთებინა, ევროკავშირში შევსულიყავით. ნაბიჯი არ მქონდა გადადგმული და ვიღაც მხეცები მეძგერნენ და ცემა-ტყეპით წამათრიეს, რუსეთის აგენტი და რაღაცას მეძახდნენ. სად დამიბარეს, სად დამიძახეს, როდის დამიბარეს, როდის ყოფილა შემთხვევა, რომ მე კანონი დამერღვია. არავისთვის გამიწევია წინააღმდეგობა, ეს იყო მხეცობა, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.
ბრალდების მხარე ალეკო ელისაშვილის დაპატიმრებას მოითხოვდა. პროკურორმა, ზვიად გუბელაძემ განაცხადა, რომ თავისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში, შესაძლოა, ელისაშვილს ახალი დანაშაული ჩაედინა. ამასთან, პროკურორმა აღნიშნა, რომ ელისაშვილს შესაძლოა, მოწმეებზე ზემოქმედება მოეხდინა. მისივე თქმით, ელისაშვილს რამდენჯერმე ჰქონდა საზღვარი გადაკვეთილი და შესაძლოა, გამოძიებას მიმალვოდა.
ამასთან, როგორც ელისაშვილის ადვოკატმა, გიორგი რეხვიაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, საზღვრის კვეთა პატიმრობის შეფარდების საფუძველი გახდა.
„საზღვრის კვეთის გამო, რომელმაც მან დელეგაციიდან გამომდინარე განახორციელა, გახდა საფუძველი, რომ დღეს მას შეუფარდეს პატიმრობა“, – აღნიშნა დვოკატმა.
ალეკო ელისაშვილი 4 დეკემბერს, სასტუმრო „ქორტიარდ მარიოტთან“ დააკავეს.
საგამოძიებო უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2 დეკემბერს თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან ალექსანდრე ელისაშვილი „აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის“ თავმჯდომარეს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და სიტყვიერი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. უწყების ცნობით, მას ბრალი ედება სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც გულისხმობს ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას.