ალეკო ელისაშვილმა ქუთაისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად იოსებ კენჭაძე წარადგინა
ალეკო ელისაშვილმა ქუთაისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად იოსებ კენჭაძე წარადგინა

ალეკო ელისაშვილმა პარტია „მოქალაქეების“ სახელით, ქუთაისის ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატად იოსებ კენჭაძე წარადგინა. იოსებ კენჭაძემ თანაქალაქელებს სიტყვით მიმართა და ის მიზეზები დაასახელა, რატომაც გადაწყვიტა მაჟორიტარობისთვის ბრძოლა.

„მეც თქვენნაირი რიგითი ქუთაისელი ვარ, რომელიც აქ დავიბადე, გავიზარდე, აქ ვისწავლე, აქ შემიყვარდა და აქ დავძმაკაცდი პირველად. დღესაც აქ ვცხოვრობ ჩემს შვილებთან ერთად და თითოეული თქვენგანის მსგავსად მეც მიჭირავს ამ ქალაქის მაჯის ცემაზე ხელი. მეც თქვენსავით ვგრძნობ, როგორ მეკარგება ნელ-ნელა პულსი, როგორ იძინებს ეს ქალაქი, ვგრძნობ, როგორ გადაგვაჩვიეს საზოგადოებრივ აქტივობას. ამ ქალაქში გამოვდივარ და ვხედავ უამრავ ჩამქრალ სახეს, ამ ყველაფერზე გული მიკვდება. ჩვენ აღარ უნდა ვიყოთ ვინმეს იმედზე, ჩვენ არ უნდა ვიყოთ გამოგზავნილის იმედზე, ჩვენ დღეს აქედან, ამ რთული გზით უნდა შევძლოთ მიზნამდე მისვლა“, – აღნიშნა წარდგენისას „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეების“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატმა.

იოსებ კენჭაძე პროფესიით იურისტია. თსუ-ს, ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰარვარდის კურსდამთავრებულია. არის იურიდიული კომპანიის დამფუძნებელი, მუშაობდა ტოპ-მენეჯერის პოზიციაზე სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიებში. არის რამდენიმე წიგნის ავტორი.