ალეკო ელისაშვილი - ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება, ჩვენ კი, არ გვეზარება, ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს არ ეხება
ალეკო ელისაშვილი - ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება, ჩვენ კი, არ გვეზარება, ეს მხოლოდ სამუშაო ჯგუფს არ ეხება

ზოგიერთ ოპოზიციონერს უბრალოდ, მუშაობა ეზარება, ჩვენ კი არ გვეზარება, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას განაცხადა.

„ეს ეხება არა მარტო სამუშაო ჯგუფს. როცა თავიდან თქვა „ქართულმა ოცნებამ“, კი ბატონო, ვფიქრობთ, რომ ხარვეზებია სასამართლოში, აბა, გვითხარით, რა ხარვეზებია და როგორ უნდა გამოსწორდესო, ერთადერთი ოპოზიციური პარტია ვიყავით, ვინც ალტერნატიული ხედვა დადო, რა პრობლემებია სასამართლოში და რა უნდა გამოსწორდეს. რომ ჰკითხო, პატარა ოპოზიციურ პარტიას გვეძახიან და ის დიდი პარტიები რითი იყვნენ დაკავებული, ძალიან მაინტერესებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, გაატანინებდნენ თუ არა ხელისუფლებას ცვლილებებს სამი ოპოზიციური პარტია, „ლელო“, „სტრატეგია აღმაშენებელი“ და „ნაციონალური მოძრაობა“ რომ პროცესში ჩართულიყვნენ, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ოთხი პარტიის ბრძოლა უფრო მეტია, ვიდრე ერთი პარტიის.

„მარტივი მათემატიკაა. იცით, როგორ არის? ამ სამუშაო ჯგუფში მონაწილეობას არ მივიღებთო, ვინც იძახდა, იმას არ უნდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს. ჩვენ კი არ დაგვესიზმრა იქ მუშაობა, რა, საქმე არ მაქვს და არ ვიცი, რითი დავკავდე, თუ რა, რატომ ვზივარ იმ სამუშაო შეხვედრაზე? იმიტომ, რომ ევროკავშირის დავალებას ვასრულებთ. იმათ გვითხრეს, თუ კანდიდატობა გინდათ, აგერ, ეს 12 პუნქტი შეასრულეთ, ერთად დასხედით და იმუშავეთო. შესაბამისად, მათი ნათქვამის მიხედვით ვმოქმედებთ. მე ნამდვილად მინდა, ყველაფერი გავაკეთო, როგორც ერთმა მოქალაქემ, პოლიტიკოსმა, ერთმა ქართველმა, რომ ჩემი შვილების და მომდევნო თაობების წინაშე პირნათელი ვიყო და მათ ვუთხრა, რომ რაც გასაკეთებელი იყო, გავაკეთე. სხვები, როგორც ჩანს, ამ ყველაფერს რაღაცნაირად უკუღმა უყურებენ. მე ეს არ მესმის. აქ ვხედავ უპასუხისმგებლობას, ანტისახელმწიფოებრივ პოზიციას და ასევე, სიზარმაცეს. ეზარებათ მუშაობა, მარტივად რომ ვთქვათ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, ოპოზიციის ენ ნაწილი თავიდანვე იძახდა, „ქართული ოცნება“ მოგვატყუებს, გადაგვაგდებს და მაინც არაფერს შეცვლიანო, რაც არასწორი მიდგომაა.

„იცით, ეს რას ნიშნავს? ფინალში რომ გახვიდე საჭიდაოდ, ტატამზე, მსაჯებთან მიხვიდე და უთხრა, ეს მაინც მომერევა და პირდაპირ მე მომეცით ოქროს მედალი, რატომ უნდა მაწვალოთ, ეს ხან მიბწკენს, ხან მიკბენს და ხან არასწორ ილეთს გამოიყენებსო. გადი და ეჭიდავე, ყველაფერი გააკეთე იმისთვის, რომ მოწინააღმდეგეს, ამ შემთხვევაში „ქართულ ოცნებას“ თუნდაც, სათქმელი არ ჰქონდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.