ალეკო ელისაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოზე
ალეკო ელისაშვილი - ზელენსკის გადაწყვეტილებაზე ძალიან გავბრაზდი, რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე გადაწყვეტილებებს, როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოზე

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს ელჩთან დაკავშირებით უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილება მიუღებელია.

„ძალიან გავბრაზდი [ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებაზე]. ჩემთვის ძალიან მიუღებელი გადაწყვეტილებაა. ქვეყნიდან ელჩის გამოგდება რას ნიშნავს? ლამის შემდეგ ომი იწყება ხოლმე ქვეყნებს შორის. აიღეთ, წაიკითხეთ სტრასბურგის გადაწყვეტილება. ზელენსკის ეს მანამდე რომ გაეკეთებინა, კიდევ გავიგებდი. მეც გული გამისკდა, ვერ გამოიყურება მხნედ და შეუპოვრად [სააკაშვილი], მაგრამ სტრასბურგის გადაწყვეტილება არსებობს. ყველაზე სანდო ინსტიტუცია ევრაზიის სივრცეში რაც არის, ეს სტრასბურგის სასამართლოა. რაღაც ფოტოს მიხედვით ხომ არ უნდა იღებდე სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს, ცოტა სიღრმეში ხომ უნდა ჩახვიდე. სიღრმეში არ ჩავიდა ზელენსკი. როგორც ჩანს, არახამიაა მისი ერთადერთი მრჩეველი საქართველოსთან მიმართებაში.

მე ვარ ჩემი ქვეყნის პატრიოტი და ჩემი ქვეყანა მიყვარს ყველაზე მეტად. ჩემთვის ძალიან მძიმე მოსასმენი იყო. შენს ელჩს რომ კისერში მოჰკიდებენ და გამოაგდებენ იქიდან, ამისთვის რაღაც ისეთი უნდა იყოს, რომ შენც დაშავებული გქონდეს. სხვათა შორის, ძალიან ნორმალური განცხადება ჰქონდა ჩვენს საგარეო საქმეთა სამინისტროს. კიდევ კარგი, რომ არ დაიწყეს ზიზღის პინგპონგი. რაც ომი დაიწყო, ხან საქართველოს ხელისუფლება აშავებს, ხან უკრაინის. ახლა ესენი გაჩუმდნენ, იმათმა დაიწყეს, ჩემთვის მიუღებელია. ძალიან გული დამწყდა, რამდენადაც ძალიან მაგარი ტიპია ზელენსკი და აღტაცებული ვარ მეც, როგორც დანარჩენი ნორმალური სამყარო, ისე ეს გადაწყვეტილება ჩემთვის ძალიან მიუღებელი იყო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტიკური სივრცე“.

კითხვაზე, როგორ წარმოუდგენია სააკაშვილის თემის მოგვარება, ელისაშვილი ამბობს, რომ სააკაშვილმა თავის თავში ეგოიზმი უნდა დაძლიოს.

„ხომ გარისკა? რისთვის ჩამოვიდა აქ, მართლა ხინკლის საჭმელად და არყის დასაყოლებლად ხომ არ ჩამოვიდა, ჩამოვიდა რევოლუციის მოსაწყობად. მაშინ ჩამოვიდოდა ჩვეულებრივი რეისით. შემოიპარე, კინაღამ რევოლუცია მოახდინე, მაგრამ არ გამოგივიდა, ხომ? დაგიჭირეს, შეეგუე ამ ამბავს. ვინმე ნორმალური ფსიქოლოგი სჭირდება სააკაშვილს, მეტი არაფერი არ სჭირდება. ფსიქოლოგი, რომელიც ეტყვის, რომ მაგის რისკია, მაგ რისკმა ვერ გაამართლა, ციხიდან ვერ გაიქცევა, უნდა იჯდეს და კაცურად მოიხადოს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.

საქართველოს საგარეო უწყების განცხადებით, სამწუხაროა, რომ ოფიციალური კიევი მეგობარი სახელმწიფოსა და ხალხის მიმართ დიპლომატიური ურთიერთობების გამწვავების უკიდურეს ფორმას მიმართავს. როგორც უწყების განცხადებაშია ნათქვამი, აღნიშნულ გადაწყვეტილებას განსაკუთრებით გაუგებარს ხდის უკრაინის ხელისუფლების მიერ დასახელებული საფუძველი.