ალეკო ელისაშვილი - ყველამ უნდა მოვინდომოთ წინაპრების თავგანწირვის, ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ევროპული შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ
ალეკო ელისაშვილი - ყველამ უნდა მოვინდომოთ წინაპრების თავგანწირვის, ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ევროპული შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ

ლავროვის, პუტინის, რუსეთის ტელევიზიებზე პროპაგანდისტი შხამიანი ქალები და კაცები რომ არიან, მათ გარდა არ ვიცი, ვის არ უნდა, საქართველო გახდეს ევროკავშირის წევრი და კანდიდატის სტატუსის მიღებით ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგას კაცობრიობის ისტორიაში, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყველა ვალდებულია, ევროპული პერსპექტივა საქართველომ ხელიდან არ გაუშვას.

„რომ ვფიქრობ, რამდენი მილიონი ქართველი, ჩვენი წინაპარი შეეწირა ფიქრს და ოცნებას, რომ საქართველო ოდესმე გამხდარიყო ცივილიზებული სამყაროს ნაწილი, ყოფილიყო არა რომელიმე დიდი სახელმწიფოს გუბერნია, არამედ სუვერენული, ქართული სახელმწიფო გამხდარიყო ევროპის წევრი. მახსენდება მუხრან მაჭავარიანის ლექსი, როგორ ჩავიდა სულხან-საბა ლუდოვიკო მეთოთხმეტესთან, როგორ ალოდინეს, მეთხუთმეტე კაცად მიიღეს და ხელმოცარული წამოვიდა იქიდან. როგორი შორი იყო მაშინ ევროპა, აბსოლუტურად უიმედო მისიით გაუშვა ვახტანგ მეექვსემ სულხან საბა ევროპაში და ახლა ამ ლექსზე გაზრდილი ხალხი ვხედავთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ამ ოცნების ასრულებასთან. აქ ყველას გვმართებს, რომ ჩვენს პარტიულ, პირადულ ჭუჭრუტანებს მოვეშვათ. აქ მოვისმინე, ჭკვიან კაცად რომ მოაქვს თავი, თქვა, რომ არაფრით არ შეიძლება სტატუსი მიიღოს საქართველომ, ხელისუფლებას გააძლიერებსო, ასეთი ანტისახელმწიფოებრივი რამ არ მომისმენია. „ქართულ ოცნებას“ და ხელისუფლებას მინდა ვუთხრა, ყველამ უნდა მოვინდომოთ, ვალდებულები ვართ, როგორც ჩვენი წინაპრების თავგანწირვის გამო, ასევე ჩვენი შვილების მომავლის და პერსპექტივის გამო, რომ ეს შესაძლებლობა ხელიდან არ გავუშვათ. პირველ რიგში აქ უზარმაზარი პასუხისმგებლობაა „ქართულ ოცნების“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ამასთან, ოპოზიციონერი დეპუტატის განცხადებით, არ არის მოსაწონი ტონი, რომლითაც „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები უკრაინელ და ევროპელ პოლიტიკოსებზე საუბრობენ.

„კიდევ კარგი. ამ ბოლო დროს აღარ მესმის ეს აგდებული ლაპარაკი, თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავი გადადო ქვეყნისთვის. ჩემთვისაც ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ბრალდება, თითქოს აქ ჩვენ რაღაცაში ვეხმარებით რუსებს, ამას მტკიცებულება რომ მოჰყოლოდა, კიდევ ხო, მაგრამ გაგებით მართლა უნდა მოვეკიდოთ. ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული, ბავშვები ეღუპებათ. თუნდაც შეეშალოთ ჩვენთან მიმართებაში, ის პასუხები პასუხები იყო, რაც ქართული ოცნებისგან ისმოდა?! მე მრცხვენია, რომ შერცხვენილები ვართ უკრაინელებთან. ისინი მეტ მხარდაჭერას მოელოდნენ“, – განაცხადა ელისაშვილმა.

​ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ თუ საქართველო უკრაინას ტექნიკით ვერ ეხმარება, მათ მიმართ კრიტიკული განცხადებები მაინც არ უნდა გააკეთოს.

„დიახ, გუშინ უშნოდ გამომივიდა და სოზარმა კიდევ უფრო მეტად დააუშნოვა შეგნებულად ჩემი ნათქვამი ტექნიკასთან და ჯართთან დაკავშირებით და ახლა დავაზუსტებ. დიახ, მე მიმაჩნია, რომ მაკაროვის იარაღიდან დაწყებული, S-300-ებით დამთავრებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემებით, ყველა საბჭოთა შეიარაღება არის ჯართი და ეს ბრძოლა ამას ადასტურებს, მაგრამ ეს ჯართი უნდათ, ამ ჯართს იხვეწებიან უკრაინელები, რადგან უკრაინელმა არტილერისტებმაც, ტანკისტებმაც, მფრინავებმაც, მეზენიტეებმაც ეს სისტემა იციან და ამიტომ აწვდიან, გადამზადება არ სჭირდებათ.  რუსების ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით, არ გვაქვს უფლება, რომ საერთოდ ვარსებობდეთ?! ის ხომ მაინც შეგვიძლია, ეს ხალხი არ გავლანძღოთ. ახლა, როცა ასე ახლოს ვართ ევროკავშირთან, გთხოვთ, მოგიწოდებთ, მოვითხოვ, როგორც მოქალაქე, მოეშვით ევროპელი პოლიტიკოსების ასე აგდებულად მოხსენიებას“, – განაცხადა ელისაშვილმა.