ალეკო ელისაშვილი - ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა
ალეკო ელისაშვილი - ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა

პოლიტიკური ჯგუფის, „მოქალაქეების“ თავმჯდომარის, ალეკო ელისაშვილის შეფასებით, ევროკავშირში ინტეგრაციამდე საქართველოს ორი ნაბიჯი აშორებს და მნიშვნელოვანია, რომ ამისთვის ყველამ ყველაფერი გააკეთოს.

„ქართველ ხალხს ერთი არჩევანი გვაქვს და ეს არჩევანი არის ევროპა. ეს ვიგრძენი გუშინ გამართულ აქციაზე, სადაც დავინახე საჯარო მოხელეები და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც და ამან კიდევ უფრო გამამხნევა, რადგან სწორედ გვაქვს ყველაფერი გააზრებული. ერთი ხელის გაწვდენაღა დაგვრჩა, რომ ჩვენი წინაპრების და ჩვენი ნაოცნებარი ასრულდეს. ორი ნაბიჯიღა დაგვრჩა და ერთი ნაბიჯი უკვე მომწიფებულია. ვფიქრობ, ყველამ კარგად უნდა გავაცნობიეროთ, ხელისუფლებამაც და ოპოზიციამაც, რომ ის 12 პუნქტი ჩვენი ისტორიული ამოცანა და დავალებაა. პოლარიზაციის შემცირება იქნება თუ მესმის, რომ „ქართულ ოცნებას“ ეხამუშება ამის მოსმენა, მაგრამ ეს დეოლიგარქიზაცია აუცილებელია. ქვეყანა ასე გაუკუღმართებულად არ უნდა იმართებოდეს, როგორც ახლა იმართება, რომ პრემიერ-მინისტრი კი გვყავს, მაგრამ იმის პრემიერ-მინისტრი კიდევ სხვაგან გვყავს რომ არ ჩანს ისე. სახელმწიფო ინსტიტუტები უნდა მართავდეს ამ ქვეყანას და არა ვიღაცა კაცი და იმ კაცის ნება-სურვილზე არ უნდა იყოს მთელი ქვეყანა აწყობილი. რამდენ ოლიგარქსაც შეეხება, იმდენს უნდა შეეხოს დეოლიგარქიზაცია, აქ მარტო ერთ კაცზე არ არის ლაპარაკი. ეს არის კეთილგანწყობილი რჩევა და არა თითის დაქნევა ევროპისგან. ამიტომ ახლა გვაქვს ამოცანა და დღის წესრიგი – ძალიან კონკრეტული რაღაცების შესრულება მოვთხოვოთ „ქართულ ოცნებას“, რომ ეს შესაძლებლობა და შანსი ხელიდან არ გავუშვათ“, – განაცხადა ალექსანდრე ელისაშვილმა.