ალეკო ელისაშვილი - ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან, ოღონდ მევახშეობა და ბანკები აიკრძალოსო რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი
ალეკო ელისაშვილი - ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან, ოღონდ მევახშეობა და ბანკები აიკრძალოსო რომ წავიკითხე, თვალებს არ ვუჯერებდი

სიმართლე გითხრათ, ყველაფერს ველოდი მამუკა ხაზარაძისგან და „ლელოსგან“, ოღონდ მევახშეობა და ბანკები აიკრძალოს, ეს რომ წავიკითხე, ყურებს და თვალებს არ ვუჯერებდი,- ასე გამოეხმაურა პარტია „მოქალაქეების“ თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს.

ელისაშვილის თქმით, ხაზარაძის ინიციატივა კლასიკური პოპულიზმია.

„გასაგებია, რომ წინასაარჩევნო პერიოდია და ყველამ რაღაცები უნდა თქვას, ზოგ შემთხვევაში უცნაურიც, მაგრამ ეს უკვე მეტისმეტი იყო. ეს არის ზუსტად პოპულიზმი. ეს არის კლასიკური პოპულიზმი და ღმერთი რჯული მე რომ მაბრალებენ ხოლმე, პოპულისტი ხარო. ამ ყველაფრის მერე, რაც ისმის წინასაარჩევნოდ, იმათ ფონზე როგორ შეიძლება  ვინმემ თქვას, რომ ელისაშვილია პოპულისტი. ზოგი აიტი ქალაქებს პირდება, ზოგი 600 ათას სამუშაო ადგილს. აგერ მევახშეობა აიკრძალოსო, ბანკირები იძახიან და მათ ფონზე, ჩემი აზრით, ნამდვილად ყველაზე არაპოპულისტი ვარ. კარგი იქნება, თუ რეალურ რაღაცებს ილაპარაკებენ, რომ თავი უხერხულში არ ჩაიგდონ“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

„ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში განაცხადა, რომ საკმაოდ სერიოზულად აპირებენ საბანკო და საფინანსო სექტორის რესტრუქტურიზაციას. ამასთან, ხაზარაძის თქმით, გამოდის ინიციატივით, რომ საქართველოში მევახშეობა კანონით დასჯადი გახდეს.