ალეკო ელისაშვილი - უკრაინასა და მოლდოვას რომ ვერ დავეწიეთ, არც მოლდოვის ბრალია, არც უკრაინის და არც „უმადური“ ევროპელების, „ქართული ოცნების“ მიერ საქმის ჩაფლავების შედეგია
ალეკო ელისაშვილი - უკრაინასა და მოლდოვას რომ ვერ დავეწიეთ, არც მოლდოვის ბრალია, არც უკრაინის და არც „უმადური“ ევროპელების, „ქართული ოცნების“ მიერ საქმის ჩაფლავების შედეგია

უკრაინასა და მოლდოვას რომ ვერ დავეწიეთ, არც მოლდოვის ბრალია, არც უკრაინის და არც „უმადური“ ევროპელების, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საქმის ჩაფლავების შედეგი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, ევროკავშირმა საქართველოს კანდიდატის სტატუსისთვის კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაუსახა და უთხრა, როგორ დაეწიოს უკრაინასა და მოლდოვას.

„წინა ხელისუფლება MAP-ზე მეტს რომ გვაზეიმებდა, „ქართულ ოცნებას“ დაახლოებით იგივე უნდა – იზეიმოს, რომ ევროპული პერსპექტივა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ის, რაც უკრაინამ და მოლდოვამ მიიღეს. სინამდვილეში, უკრაინამ და მოლდოვამ ერთი ნაბიჯით გაგვასწრეს და ეს არის ფაქტი. ის, რომ უკრაინასა და მოლდოვას ვერ დავეწიეთ, არც მოლდოვის ბრალია, არც უკრაინის და არც უმადური ევროპელების, ეს არის „ქართული ოცნების“ მიერ საქმის ჩაფლავების შედეგი, რომ მათი მხრიდან ვერ ხედავენ მზაობას, რეალური ფუნდამენტური პოლიტიკური ცვლილებები მოხდეს. მაგალითად, სასამართლოსა და ივანიშვილთან მიმართებით. ქვეყანა ისე გაუკუღმართებულად არ უნდა იმართებოდეს, როგორც ახლა ხდება და სასამართლო დამოუკიდებელი უნდა იყოს. მზაობა ვერ დაინახეს „ქართული ოცნების“ მხრიდან. ეს ყველაფერი იმას ჰგავს, 2008 წელს სააკაშვილი რომ გვარწმუნებდა, ომი მოიგო. ეს ასე არაა, უკრაინასა და მოლდოვას ჩამოვრჩით. გვითხრეს, როგორ დავეწიოთ. არც ისეა საქმე, ნაცარი დავიყაროთ და ღაწვები ჩამოვიგლიჯოთ, გლოვაში გადავარდეთ. კონკრეტული სამოქმედო გეგმა დაგვიტოვეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ევროკავშირის საბჭომ გუშინ გადაწყვიტა, აღიაროს საქართველოს ევროპული პერსპექტივა და მზადაა, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს, როგორც კი დასახული პრიორიტეტები შესრულდება. ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებით, უკრაინასა და მოლდოვას გუშინვე მიენიჭათ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი.

დატოვე კომენტარი