ალეკო ელისაშვილი - ტვინი ამიდუღდა, რომ ამნისტიაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის განსხვავება გამეგო და არაფერი არსებითი სხვაობა არ არის
ალეკო ელისაშვილი - ტვინი ამიდუღდა, რომ ამნისტიაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის განსხვავება გამეგო და არაფერი არსებითი სხვაობა არ არის

ტვინი ამიდუღდა, რომ ამნისტიაზე „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანონპროექტებს შორის განსხვავება გამეგო და არაფერი არსებითი სხვაობა არ არის, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისი შეფასებით, ამნისტიის კანონპროექტზე უმრავლესობისა და ოპოზიციის შეთანხმება შესაძლებელია.

„რამდენადაც მე ვიცი, კახა კუჭავას კაბინეტში იყო კომპრომისულ ვარიანტზე მსჯელობა. რამდენადაც ვიცი, დიდწილად ეს ოპოზიციას მოსწონდა, მაგრამ მერე ვნახეთ პოლიტიკური შოუ და მე პირადად მიმაჩნია, რომ გუშინ მთელი დრო დავკარგეთ ძალიან არასაჭიროდ. დანარჩენი ოპოზიციისგან განსხვავებით, ჩვენ ბოლომდე ვისხედით და უბრალოდ კითხვა არ დავსვით და არ წავედით. ბოლომდე ვისხედით და ამიდუღდა ტვინი, რომ გამეგო, რა განსხვავებაა ორ პროექტს შორის და არაფერი დიდი ფატალური განსხვავება არ არის, ამდენად სავსებით შესაძლებელია კომპრომისი. გაუგებარია ან აქედან გაჯიქება ან იქიდან, ეს რა არის? რა წესია ამ ქართულ პოლიტიკაში დამკვიდრებული და მით უმეტეს გაუგებარია გამორთულ კამერებთან რომ სხვანაირად საუბრობენ და ჩართულთან – სხვანაირად. შეთანხმების რესურსი არსებობს იმიტომ, რომ ამ ორ დოკუმენტს შორის არ არის არსებითი განსხვავება. არ არის ამნისტიის საკითხი ისეთი, რომელზეც საქართველოს მომავალია დადებული, მით უმეტეს ვისაც უნდა შეეხოს, ის ამბობს არ მინდა, არ მინდაო. შესაბამისად, ამაო ძალისხმევაა“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისი თქმით, „მოქალაქეები“ კენჭისყრაზე მხარს მხოლოდ ერთიან, შეჯერებულ დოკუმენტს დაუჭერს.

„ჩვენ ავანსად გავეცით ჩვენი მხარდაჭერა გუშინ, მერე თვითონ ოპოზიციამ თქვა, რომ არ გვინდა კენჭისყრაზე დადგესო, იმასაც ავანსად დავუჭერთ მხარს, მაგრამ კომპრომისული ვარიანტი თუ არ იქნება, არ დავუჭერთ მხარს. ერთი საერთო დოკუმენტი თუ არ იქნება, ჩვენ არ დავუჭერთ მხარს“, – აღნიშნა ელისაშვილმა.