ალეკო ელისაშვილი - სტოლტენბერგმა ახსენა ცხინვალი და აფხაზეთი, რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერაა, ამაზე მეტს განცხადების დონეზე ვერავინ იტყოდა
ალეკო ელისაშვილი - სტოლტენბერგმა ახსენა ცხინვალი და აფხაზეთი, რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რაც საქართველოს სუვერენიტეტის მკაფიო მხარდაჭერაა, ამაზე მეტს განცხადების დონეზე ვერავინ იტყოდა

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ნატო-ს ლიდერების მხრიდან საქართველოს მიმართ გამოხატული მხარდაჭერა იმაზე მიანიშნებს, რომ ნატო-ს ხელმძღვანელობას კარგად აქვს გააზრებული, რომ თუ რუსეთი საქართველოს გადაყლაპავს, უკრაინას დაანგრევს, არ გაჩერდება და მომდევნო ნატო-ს წევრი ქვეყნები იქნებიან.

ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხთან საუბარში ნატო-ს გენმდივნის, იენს სტოლტენბერგის გზავნილები შეაფასა და აღნიშნა, რომ ალბათ, ნატო-ში უახლოეს მომავალში საქართველოს ვერ მიიღებენ, რადგან რუსეთი პირდაპირ მუქარაზე არის გადასული.

„ალბათ, ნატო ასეთ ესკალაციაზე არ და ვერ წავა, თუმცა კარგია, რომ ასეთ მაღალ დონეზე ქვეყანას მხარდაჭერას უცხადებენ. გასაგებია, რომ დღეს და ხვალ ნატო-ს წევრები ვერ ვიქნებით, მაგრამ კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადაიდგას, რომ ევროინტეგრაციის გზაზე დავახლოვდეთ. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა მკაფიოდ ისაუბრა – ახსენა ცხინვალი და აფხაზეთი, რუსეთის საოკუპაციო ჯარი, რაც მკაფიო მხარდაჭერაა საქართველოს სუვერენიტეტის და ამაზე მეტს განცხადების დონეზე ვერავინ იტყოდა, მათ შორის ნატო-ს გენმდივანი, თუმცა ეს საკმარისია თუ არა ეს იმისთვის, რომ რუსეთმა ახალი ინტერვენციისგან და აგრესიული ქმედებებისგან თავი შეიკავოს, ამას დრო გვაჩვენებს“, – განაცხადა ელისაშვილმა.