ალეკო ელისაშვილი - სირცხვილია, ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორეთი მიდიოდე მოლაპარაკებაზე
სირცხვილია, ერთი ხელით მანდატებს ხევდე და მეორეთი მიდიოდე მოლაპარაკებაზე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ფეისბუქლაივისას განაცხადა. მან ბარიერგადალახული პარტიების მიერ დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა, რომელზეც მათ სიების განულების შესახებ განაცხადეს.
„ძალიან უხერხული რამ არის, შეიკრიბნენ და ამბობენ, მანდატები უნდა დავხიოთო. ჯერ ძალიან სასაცილოა, რომ ბურჯანაძე, ბოკერია, უგულავა, რომლებსაც მანდატები არ აქვთ, მივიდნენ, მანდატები დავხიოთო, იძახიან. ჯერ ეს რა უბედურებაა, უხერხულია და მეორე, თან ამბობენ, მანდატებს ვხევთო, თან ამბობენ, მოლაპარაკებაზე უნდა წამოვიდეთ, ეგ როგორ არის? მოლაპარაკებაზე რა მიდის, რომ თუ „ქართული ოცნება“ ჩვენს მოთხოვნებს დააკმაყოფილებს, ხელი უნდა მოვაწეროთ იმ შეთანხმებას. შეთანხმებას თუ ხელს მოვაწერთ, პარლამენტში უნდა შევიდეთ ყველანი, ისინიც, ვინც მანდატებს ხევენ – ეს ოხერი, უხერხული არ არის? სირცხვილი არ არის, რომ ერთი ხელით იძახიან მანდატებს ვხევთო და მეორე ხელით მიდიოდე მოლაპარაკებაზე, რომ რაღაცას ხელი მოაწერო“, – აცხადებს ალეკო ელისაშვილი.
მან ასევე ყურადღება გაამახვილა აშშ-ისა და ევროკავშირის წარმომადგენლობის დღევანდელ განცხადებაზე.
„არც პიონერთა სასახლის ეზოში ვარ და არც პარლამენტში ვარ, რა თქმა უნდა. იმ პარლამენტში არ შევიდოდი. მე არ მითქვამს, პარლამენტში შესვლა მინდა და არიქა, გავრბივარო. მე ვთქვი, რომ არის რაღაც, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი, უმნიშვნელოვანესია ამ ქვეყნისთვის. დღეს ამერიკის ელჩი გამოვიდა პარლამენტში. ერთობლივი განცხადება გაავრცელეს ევროკავშირის საელჩომ და ამერიკის საელჩომ და თქვეს, რომ ამ ქვეყანას რაც არ ქონია, წესიერი არჩევნები, ამაზე ექვსი კვირაა, ვმუშაობთო და თითქმის მივედითო. დააკვირდით, რა ეწერა – ჭეშმარიტად ვისაც გინდათ, რომ შეთანხმებას ხელი მოაწეროთ, მოდით, დავილაპარაკოთო.
ვილანძღები უღმერთოდ, მაგრამ არ მეშინია, ვიცოდით, რა ნიაღვარიც წამოვიდოდა, მაგრამ ვუთხარი პარტიაშიც, თუ რისიც გვწამს და რისიც გვჯერა იმ გადაწყვეტილებას ვერ მივიღებდით იმის შიშით, რომ მერე ჩვენზე ნიაღვარი წამოვიდოდა, ჭორები, ბოდვები, ჭუჭყი დაგაბრალებდნენ მილიონ რაღაცას, ამის შიშით იმას თუ არ გავაკეთებთ, რისიც გწამს, მაშინ რა გვინდა პოლიტიკაში. ჩვენ უბრალოდ ხმამაღლა გავბედეთ და მკაფიო ვთქვით, რომ ის მოლაპარაკება არის გადასარჩენი, მოლაპარაკებაზე კი არ ვერთობით, დომინოს სათამაშოდ კი არ დავდივართ, არამედ დავაახლოეთ პოზიციები, წამოვიყვანეთ კომპრომისზე „ქართული ოცნება“ და ძალიან მაგარი ამბავია, რომ ისინი ამ კომპრომისზე მოდიან, რომ პოლიტპატიმრები იქნება და ციხიდან გამოვიდნენ, ხელი მოვაწეროთ პატიოსანი საარჩევნო სისტემას და ამაზე ვმუშაობდით, ვმუშაობდით და ოპოზიციის მოთხოვნის 99% საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა „ქართულმა ოცნებამ“, ამის მერე უნდა გავბედოთ და ხელი მოვაწეროთ. ხელს რომ მოვაწერთ, გავბედოთ და პარლამენტში შევიდეთ, მოღალატეობრივი საქციელი კი არ არის პარლამენტში შესვლა, ხალხის სამსახურია პარლამენტში ყოფნა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.