ალეკო ელისაშვილი - შეთანხმებით გაიმარჯვა საქართველომ, ვულოცავ ყველას, რომ კრიზისი დასრულდა
ალეკო ელისაშვილი - შეთანხმებით გაიმარჯვა საქართველომ, ვულოცავ ყველას, რომ კრიზისი დასრულდა

შეთანხმებით გაიმარჯვა საქართველომ და ვულოცავ ყველას, რომ უსასრულოდ გაჭიანურებული კრიზისი დასრულდა, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, პარლამენტში ყველამ ერთად უნდა იფიქროს ხალხზე, რომელიც სიღარიბეში ცხოვრობს.

„დღეიდან ჩვენ, პოლიტიკოსებმა, პოლიტიკურმა ლიდერებმა უნდა გავაკეთოთ ის, რისთვისაც სინამდვილეში უნდა ვიყოთ მოწოდებული, რომ ამ გაჭირვებულ, გაღატაკებულ ქვეყანაში ვიფიქროთ ხალხზე, არა იმაზე, ვინ ჩვენზე რა თქვა, შემდეგ ჩვენ რა ვუპასუხეთ, მერე მოვაწერთ ხელს, არ მოვაწერთ, შევალთ, არ შევალთ, დაიტანჯა ამით ხალხი. ხალხი სინამდვილეში იტანჯება სიღარიბით და პარლამეენტში ჩვენ ყველამ ერთად, ვისაც აქვს პასუხისმგებლობა და ვინც გამოავლინა ქვეყნის სიყვარული, უნდა ვიფიქროთ ხალხზე, ხალხის პრობლემების მოგვარებაზე და ვიფიქროთ, ეს გასაცოდავებული ქვეყანა წავიყვანოთ წინ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რაც შეეხება კითხვას, რამდენად არის გარანტია, რომ პრეზიდენტი შეიწყალებს პატიმრებს, ელისაშვილის თქმით, შარლ მიშელი საქართველოში ჩამოდის, რათა შეთანხმება აღსრულდეს.

„ბოდიშს ვიხდი, მაგრამ ვინ ითხოვს ამ გარანტიებს, პრეზიდენტი მიშელი ჩამოდის, ევროპის საბჭოს პრეზიდენტი ჩამოდის, რომ მოხდეს აღსრულება და არ დარჩეს ფარატინა ქაღალდად. მგონი, საბავშვო ბაღში არ ვართ, ბავშვი არავინ ვართ, შესაბამისად, არის ამის გარანტია, ყველა ვართ ამის მომსწრენი და ვხედავთ, რომ ეს აღსრულდება, აქ ეჭვები არ შეიძლეება, იყოს“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

ამასთან, ალეკო ელისაშვილის განმარტებით, „ღრმად არის დარწმუნებული, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დანარჩენი წევრებიც შევლენ პარლამენტში.

„შეიძლება, ყველა არა, მაგრამ დიდი ნაწილი შემოვა“, – დასძინა ალეკო ელისაშვილმა.

პრეზიდენტის სასახლეში შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერა გაფორმდა. დოკუმენტზე ხელმოწერები დატოვეს: დავით ბაქრაძემ, ალეკო ელისაშვილმა, ბადრი ჯაფარიძემ, ზურაბ ჯაფარიძემ, მამუკა ხაზარაძემ, ვახტანგ მეგრელიშვილმა, შალვა პაპუაშვილმა, სალომე სამადაშვილმა, ხათუნა სამნიძემ, არჩილ თალაკვაძემ, გიორგი ვაშაძემ.

აღსანიშნავია, რომ „ნაციონალური მოძრაობის,“ „ევროპული საქართველოსა“ და „ლეიბორისტული პარტიის“ სახელით დოკუმენტზე ხელმოწერები არ გაკეთებულა.

შალვა ნათელაშვილი ბოლო პერიოდში მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა. დავით ბაქრაძემ და სალომე სამადაშვილმა კი ხელი ინდივიდუალურად მოაწერეს.