ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილისთვის „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, განსხვავებით წინა ჯილდოსგან
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილისთვის „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, განსხვავებით წინა ჯილდოსგან

„პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ, რაც არ უნდა თქვა სააკაშვილზე, თავისუფლებისთვის თუ არ იბრძოდა, ცდილობდა, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა სააკაშვილისთვის ჯილდოს გადაცემის საკითხს.

„ამაში გასაკვირს დიდად ვერ ვხედავ, განსხვავებით წინა ჯილდოსგან. ადამიანის უფლებების დაცვაში რომ სააკაშვილს პრიზს გადასცემ, გამაოგნებელია. სად სააკაშვილი და სად ადამიანის უფლებები, ეს მართლა გამაოგნებელი იყო, მაგრამ ყველას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, თუნდაც ძალიან მცდარი. „პრომეთეს ჯილდო“ სხვა რამ არის. იდეა და აზრია კავკასიისა და პოლონეთის ურთიერთობის. ღიმილის მომგვრელი ამბავიც იყო, როდესაც სააკაშვილმა პრომეთეს ძეგლი გახსნა პრეზიდენტ კაჩინსკისთან ერთად თამარ მეფის ხიდთან და მერე წაიღო და ეს ქანდაკება ბორჯომის პარკში დადგა და ვერავინ ვერ მიხვდა, რა ქანდაკება იყო. „პრომეთეს ჯილდოს“ გადაცემა მეტ-ნაკლებად ლოგიკურად მეჩვენება და ამაში დიდად გასაკვირს ვერაფერს ვხედავ. რაც არ უნდა თქვა სააკაშვილზე, თავისუფლებისთვის თუ არ იბრძოდა, ცდილობდა. ადამიანის უფლებების დაცვისგან განსხვავებით, ამ პრიზზე მე ბევრი პრეტენზია არ მექნება“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ თავისუფლებისთვის ბრძოლაში შეტანილი წვლილისთვის პოლონეთის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდო – „პრომეთეს ჯილდო“ გადაეცემა.