ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება არაადამიანური ნაბიჯი იყო, ეს არაჰუმანურია
ალეკო ელისაშვილი - სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება არაადამიანური ნაბიჯი იყო, ეს არაჰუმანურია

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრების გავრცელება არაადამიანური ნაბიჯი იყო.

მისივე თქმით, პატიმრის ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ხელისუფლებაა პასუხისმგებელი.

„კადრების გავრცელება არაადამიანური ნაბიჯი იყო. ეს არაჰუმანურია. შურისძიება მესმის, და მივესალმები, როცა თანაბარ, შენს ტოლ მეტოქეზე იძიებ შურს, მაგრამ უკვე დამარცხებულ მეტოქეზე, იარაღაყრილზე, დატყვევებულ-დატუსაღებულზე შურისძიება არ ჰქვია, ამას ჰქვია სიმდაბლე. ეს სჭირს ახლა „ქართულ ოცნებას“. შემაძრწუნებელი იყო ჩემთვის, ვიხილეთ ადამიანი, რომელიც ფიზიკურად დაუძლურებულია, განსაკუთრებით, დეკემბრის კადრებში ჩანდა. ასევე ჩანდა ადამიანი, რომელსაც აქვს ფსიქოლოგიური პრობლემები. ასეთი ადამიანი კი არ უნდა გამოაჭენო, სათანადო მკურნალობა უნდა ჩაუტარო.

პატიმრის ჯანმრთელობაზე, ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე ყველა ვარიანტში პასუხისმგებელია ხელისუფლება. ხელისუფლებამ, ნაცვლად იმისა, რომ ამაზე იზრუნოს, გამოაჭენა და ვიღაცების საქილიკო გახადა. არ მესმის, ამ კადრებზე როგორ უნდა იქილიკო, შინაგანად ასე როგორ უნდა იყო მოწყობილი ადამიანი, რომ ეს კადრები ნახო და დაცინვა დაიწყო. თან ისეთი ხალხი ქილიკობს. მე რომ სააკაშვილს ვაკრიტიკებდი, ნახევარი „ქართული ოცნება“ ტაშს უკრავდა და ჩემი ლანძღვით იყო დაკავებული, მეორე ნახევარს კიდევ პირში წყალი ჰქონდა ჩაგუბებული, ჩირგვიდან თავის გამოყოფას ვერ ბედავდა, რამე ეთქვა სააკაშვილის წინააღმდეგ. ახლა დგანან და გულებს იფხანენ. არ ვიცი, დაპატიმრებული კაცის დაცინვა რა ღირსებაა. არც ახლა შემომტრიალებია გული სააკაშვილზე, არც ახლა მიმაჩნია პოლიტპატიმრად, რაც ჩაიდინა, პასუხი უნდა აგოს, მაგრამ ადამიანს ასე არ უნდა მოეპყრო და არც უძლურებაში მყოფს დასცინო“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ვიდეოკადრები გუშინ გამოაქვეყნა.