ალეკო ელისაშვილი - რუსეთი და ვლადიმერ პუტინი საუბრობენ იმპერიალისტური ენით, თითქოს ჩვენი გადასაწყვეტი არაა, სად გავწევრიანდებით
ალეკო ელისაშვილი - რუსეთი და ვლადიმერ პუტინი საუბრობენ იმპერიალისტური ენით, თითქოს ჩვენი გადასაწყვეტი არაა, სად გავწევრიანდებით

21-ე საუკუნეა და რუსეთი და ვლადიმერ პუტინი მე-18 საუკუნის იმპერიალისტური ენით საუბრობენ, ორი მეზობელი სახელმწიფოს ნაცვლად გადაწყვეტილებას იღებენ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების შეფასებისას აღნიშნა.

როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ეს იმპერიალისტური განცხადებაა.

„ჩვენ სად გავწევრიანდებით, თითქოს, ეს ჩვენი გადასაწყვეტი არაა და რუსეთის მისაღები გადაწყვეტილებაა. ეს არის იმპერიალისტური განცხადება, მაგრამ სამწუხაროდ, არის რეალობა. ცივილიზებული სამყარო ხვდება, რომ თუ ახლა რუსეთს უკრაინასთან და საქართველოსთან მიმართებით გაუვა, რუსეთი არ გაჩერდება და სხვა მეზობელი ქვეყნები იქნებიან მისი სამიზნე. პირიქით, ეს ყველაფერი რუსეთს ხელ-ფეხს გაუხსნის, მადას გაუღრმავებს და არაფრით არ გააჩერებს. ეს პროცესი თუ არ გაჩერდა, შემდეგ იქნებიან ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი, რომელზეც დიდი ხანია, თვალი აქვს დადგმული. მგონი, ამ ყველაფერს ხვდებიან და თუ ჩვენი სახელმწიფო სწორად იმუშავებს, ასევე ნატო-შიც თუ სწორ პასუხებს გამოიტანენ, არ არის გამორიცხული, რომ ნატო-ში ჩვენი გაწევრიანების პროცესი დაჩქარდეს“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთის ფედერაცია „აუცილებლად მიიჩნევს, გაუქმდეს ნატო-ს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება“.

ამასთან, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ 10 დეკემბერს გაკეთებული განცხადების საპასუხო განცხადება გაავრცელა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ. „მიუღებელია მესამე მხარის, რუსეთის მიერ ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილების გადახედვაზე ნებისმიერი განცხადება, რაც ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს“, – აღნიშნულია საქართველოს საგარეო უწყების განცხადებაში.