ალეკო ელისაშვილი - როგორც ყოველთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუაზრებელი რაღაცები ახასიათებს, ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც რთულ ვითარებაში ჩაგვაყენებს
ალეკო ელისაშვილი - როგორც ყოველთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუაზრებელი რაღაცები ახასიათებს, ისეთი რამ არ უნდა გავაკეთოთ, რაც რთულ ვითარებაში ჩაგვაყენებს

წინასწარ ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რაც რთულ ვითარებაში ჩაგვაყენებს. ეს არ იქნება ლაკმუსის ქაღალდი, სახელმწიფოებრივად სწორი არ არის, მიუხედავად იმისა, რომ რაც ბუჩასა და ირპენში მოხდა, გენოციდის გარდა, ვერაფერს დაარქმევ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

აღნიშნული კომენტარით ელისაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მიერ პარტიის ოფისში გაკეთებულ განცხადებას, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს პარლამენტში არეგისტრირებს დადგენილებას უკრაინაში გენოციდის აღიარების  თაობაზე.

როგორც საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ეს ძალიან საფრთხილო საქმეა.

„ეს ძალიან საფრთხილო საქმეა. თუ ვიტყვით, რომ უკრაინაში რუსებმა გენოციდი ჩაატარეს, მაშინ მეზობელ სომხეთთან პასუხები გვექნება გასაცემი და რამდენიმე მილიონი ადამიანი, ვინც მე-20 საუკუნის დასაწყისში დახოცეს, მათზე გვეტყვიან, სახელი ამასაც დაარქვითო. როგორც ყოველთვის, „ნაციონალურ მოძრაობას“ გაუაზრებელი რაღაცები ახასიათებს, სადაც სახელმწიფო ინტერესები კარგად გააზრებული არ არის. თუ პარლამენტი დადგენილებას მიიღებს და ვიტყვით, უკრაინაში გენოციდი იყო, მაშინ სამხრეთით უნდა მივბრუნდეთ და ვთქვათ, რას ვაკეთებთ სომხურ გენოციდზე? აზერბაიჯანიც ამბობს, რომ 90-იან წლებში სომხებმა გენოციდი მოუწყვეს ყარაბაღში. წინასწარ ისეთი რამე არ უნდა გავაკეთოთ, რაც რთულ ვითარებაში ჩაგვაყენებს. ეს არ იქნება ლაკმუსის ქაღალდი, ეს სახელმწიფოებრივად სწორი არ არის. მიუხედავად იმისა, რომ რაც ბუჩასა და ირპენში მოხდა, გენოციდის გარდა, ვერაფერს დაარქმევ. სხვა გეოპოლიტიკური რეალობაა, რასაც თვალი უნდა გავუსწოროთ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.