ალეკო ელისაშვილი - როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა
ალეკო ელისაშვილი - როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა

თუ გგონია, რომ რაზეც მუშტს დააბრახუნებ, ბოლომდე უნდა გაიტანო, მაშინ მოლაპარაკებაში რატომ მონაწილეობ, არ ვიცი, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა მოლაპარაკებებთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, დიალოგის მონაწილეებმა უნდა გაიაზრონ, რომ კომპრომისი რაღაცის დათმობას ნიშნავს.

„შეთანხმების მიღწევა ზეამოცანა და გადაუჭრელი არ არის, უბრალოდ, მათ, ვინც მოლაპარაკებებში მონაწილეობდა, კარგად უნდა გააცნობიერონ, რომ კომპრომისი ქვეყნის ინტერესებისთვის რაღაცის დათმობას ნიშნავს. რასაც ითხოვ, ყველაფრის გატანა კომპრომისი არ არის. რასაც იტყვი და რაზეც მუშტს დააბრახუნებ, ის თუ გგონია, რომ ბოლომდე უნდა გაიტანო, მაშინ მოლაპარაკებაში რატომ მონაწილეობ, არ ვიცი. იყო და არის შესაძლებლობა, რეალური კომპრომისი ორმხრივი იყოს. ეს შესაძლებლობა გუშინაც იყო. როცა ქვას ააგდებ, თავს შეუშვერ და გგონია, შენი მოთხოვნა 100 პროცენტით უნდა შესრულდეს, არაფერი გამოვა. არ ვიცი, ვინ უნდა ჩამოვიდეს და დაგვსვას, რომ შეთანხმებას მივაღწიოთ, ის თუ ვერ გაითავისეს მოლაპარაკების მონაწილე ქართველმა პოლიტიკოსებმა, რომ კომპრომისში შენც რაღაც უნდა დათმო და მხოლოდ მეტოქეს არ უნდა დაათმობინო.

დოკუმენტი დადო კრისტიან დანიელსონმა, რაზეც „ქართული ოცნება“ ამბობდა, რომ გარკვეული დათქმით ხელს მოაწერდა. ოპოზიციის მცირე ნაწილი ხელმოწერისთვის უპირობოდ მზად იყო, დიდი ნაწილი ამბობდა, რომ ხელს არც ერთ შემთხვევაში არ მოაწერდა. ხალხმა განსაჯოს, მხარი ვინ რატომ არ დაუჭირა“, – განაცხადა ელისაშვილმა.