ალეკო ელისაშვილი - რეკომენდაციები პარლამენტშია შესასრულებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვამ კეთილი ინებონ და ერთად ვიმუშაოთ, ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს
ალეკო ელისაშვილი - რეკომენდაციები პარლამენტშია შესასრულებელი, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვამ კეთილი ინებონ და ერთად ვიმუშაოთ, ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს

არავის მხრიდან მჭირდება ულტიმატუმების დაყენება, რადგან ყველაფერს ვაკეთებ, რათა ევროკომისიის 12 პუნქტი შესრულდეს და საშვი მივიღოთ ევროპაში კანდიდატის სტატუსის სახით, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ ულტიმატუმები ნაკლებად საინტერესოა. ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ 9 აპრილს დაგეგმილ აქციას გამოეხმაურა.

„რეკომენდაციები პარლამენტშია შესასრულებელი. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და სხვამ კეთილი ინებონ და ერთად ვიმუშაოთ. ასე გვითხრეს და ამიტომ. იმიტომ კი არა, რომ მათთან ერთად მუშაობა მეხალისება, ასე დაგვავალეს და ასეთი რეკომენდაცია მოგვცეს. რუსთაველის გამზირზე რომ იყო მძინვარება და ათიათასობით ადამიანი გამოსული, არცერთ პარტიას არ გამოუყვანია ეს ხალხი. ეს ხალხი გამოვიდა ქვეყნის სიყვარულით და ჩვენი ევროპული პერსპექტივისთვის. ასევე, მათ წითელი ბარათი უჩვენეს „ქართულ ოცნებას“, რომელმაც ძალიან გააჭენა რუსეთისკენ და ზურგი აქცია ევროპას. ხალხი ამის წინააღმდეგ გამოვიდა, ეს ხალხი არცერთი პარტიის მიერ არ იყო გამოყვანილი, თორემ პარტიების მიერ ორგანიზებულ აქციებზე რამდენი ადამიანი დადიოდა, კი ვხედავდით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მოქალაქეებს მოუწოდა, 9 აპრილს, 17:00 საათზე რუსთაველის გამზირზე შეიკრიბონ. ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია მოქმედება, რათა ხელისუფლებამ ევროკავშირის 12 რეკომენდაცია შეასრულოს. ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხელისუფლებას 9 აპრილამდე აძლევენ დროს, რათა ანახონ საზოგადოებას, რომ იწყებენ ყველა რეკომენდაციის შესრულებას.