ალეკო ელისაშვილი - პუნქტებიდან ყველაზე რთულია დეპოლარიზაცია, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ის, პოლარიზაციის დასრულება ყველას გვეხება
ალეკო ელისაშვილი - პუნქტებიდან ყველაზე რთულია დეპოლარიზაცია, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, რას ნიშნავს ის, პოლარიზაციის დასრულება ყველას გვეხება

ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, ვერც „ქართულმა ოცნებამ“, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ რამდენიმე პარტიამ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია. რეკომენდაციებში წერია, პოლარიზაცია დაასრულეთო, რაც ყველას გვეხება, – ამის სესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმ აალეკო ელისაშვილომა განაცხადა.

მისივე თქმით, როგორც ჩანს, ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პუნქტიდან ყველაზე რთული დეპოლარიზაციაა.

„12 პუნქტში არის მარტივი, შედარებით მძიმე და ძალიან მძიმე საკითხები. მარტივი საკითხია გენდერული თანასწორობის შესახებ კანონმდებლობის დახვეწა, სახალხო დამცველის კანდიდატის შერჩევა და ასე შემდეგ. როგორც ჩანს, ყველაზე რთულია დეპოლარიზაცია, რადგან ვერც ერთმა მხარემ ვერ გაიგო, ვერც „ქართულმა ოცნებამ“, ვერც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ და კიდევ რამდენიმე პარტიამ, რას ნიშნავს დეპოლარიზაცია. რეკომენდაციებში წერია – პოლარიზაცია დაასრულეთო, ეს ყველას გვეხება. რა თქმა უნდა, რთულია დეოლიგარქიზაცია და ძალიან ღიმილის მომგვრელია, როცა „ქართული ოცნება“ ამბობს, რომ ევროკავშირმა ხაზარაძე იგულისხმაო, როცა ივანიშვილი იგულისხმა. ალბათ ხაზარაძეც გავრცელდება, მათ შორის ჩემი ძმადნაფიცი რომ არის ოქრიაშვილი, იმაზეც გავრცელდება და სხვებზეც. უკრაინული კანონმდებლობით თუ ვიმსჯელებთ, საერთო ეროვნულ პროდუქტთან შედარებით რაღაც თანხით მეტი თუ გაქვს, მაშინ ეს სანქციები ვრცელდება. გავრცელდეს, რატომაც არა. ბიძინა ივანიშვილის ჯიბრი კი არ მაქვს, არ მინდა, რომელიმე მდიდარი ადამიანის სათამაშო იყოს ეს ქვეყანა. დღეს ეს ქვეყანა ბიძინა ივანიშვილის სათამაშოა, მოუნდება ისე იზამს, მოუნდება ასე, მაგრამ არ მინდა, ჩემმა ძმადნაფიცმა ოქრიაშვილმა აიგდოს ეს ქვეყანა და აპამპულაოს. შესაბამისად, თუ ამ კანონს მივიღებთ, ეს უნდა იყოს ჩამკეტი, რომ ყველას აიძულოს. რა თქმა უნდა, ეს რთული საკითხია და „ქართული ოცნება“ ეცდება, გამოაძვრინოს ივანიშვილი. ალბათ არც იმას მოერიდებიან, თქვან, ღარიბი კაცია, სად აქვს მაგდენი ფულიო, მაგრამ მთავარი არის ერთობა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.