ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილს ერთი გაქუცული პიჯაკი ეცვა, ყველამ ვიცით, პრეზიდენტი რომ იყო, მაგრად ატარებდა დროს
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობა“ ისე წარმოაჩენს, თითქოს სააკაშვილს ერთი გაქუცული პიჯაკი ეცვა, ყველამ ვიცით, პრეზიდენტი რომ იყო, მაგრად ატარებდა დროს

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომაზე გამოსვლამ აჩვენა, რომ ამ ადამიანს არანაირი ნატამალი მეტამორფოზა არ განუცდია და რაც იყო, ზუსტად ის არის.

როგორც საქართველოს პირველ არხს ალეკო ელისაშვილმა განუცხადა, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი აღარც აინტერესებს.

„მოლოდინი არ მაქვს, რომ სასამართლოში რაიმე ხეირიანი გაირკვევა, თუნდაც, სააკაშვილთან მიმართებაში და მჯერა, რომ უფრო მეტად გაირკვევა სტრასბურგის სასამართლოში. მისი პირველი სიტყვის მოსმენა და ის მაინტერესებდა, სააკაშვილს ნატამალი მეტამორფოზა ჰქონდა თუ არა. მისი სიტყვით გამოსვლისას რაც ამოხეთქა, დავრწმუნდი, რომ ამ კაცს არანაირი ნატამალი მეტამორფოზა არ განუცდია და რაც იყო, ზუსტად ის იყო. ამ კაცის ხელისუფლებასთან მიკარება სათოფეზე არ შეიძლება. დანაშაულზე პასუხი უნდა აგო. თუ სახელმწიფოს ფულს ფლანგავდი, პასუხი უნდა აგო. „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან ისე წარმოჩენა, რომ სააკაშვილს ერთი გაქუცული პიჯაკი ეცვა, ყველამ კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტი რომ იყო, მაგრად ატარებდა დროს. ამ ქვეყანაში ვცხოვრობთ და ყველამ ვიცით, რომ სანამ პრეზიდენტი იყო, არაფერი დაიკლო. ეს ყველაფერი „ქართული ოცნებისთვისაც“ მაგალითი უნდა იყოს. მათ ნუ ჰგონიათ, რომ ზუსტად ისე გაილაღებენ და სახელმწიფო ბიუჯეტს ჩოხა-ახალუხივით მოირგებენ. მათ ისევე მოიწევთ პასუხისმგებლობის აღება, როგორც სააკაშვილს. ისიც ვერ წარმოუდგენდა, რომ ციხეში იჯდებოდა და პასუხს მოსთხოვდნენ. სახელმწიფო ბიუჯეტი არ უნდა ფლანგო, ვიღაც ქალები არ უნდა ჩამოიყვანო და იმპერატორივით არ უნდა იცხოვრო. არავის არაფერი შერჩება, ცოდვა-მადლი ურმით დადის, ახლა სააკაშვილს წამოეწია და „ქართული ოცნების“ ლიდერებისკენაც დაიძვრება, ვისაც სახელმწიფო ბიუჯეტი ნახარჯი აქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.