ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია, პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ, თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან, მაგარი სამსახურია
ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია, პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ, თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან, მაგარი სამსახურია

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია. პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთმანეთს რადიკალიზმში რამდენიმე ფრთა ეჯიბრება.

„ამბობენ, პარლამენტში ჯერ საქმიანობას ვწყვეტთო და მანდატებს დავტოვებთ თუ არა, კონსულტაციები უნდა გავიაროთო. თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია, იდეალური სამსახურია – არ დადიოდე და ხელფასს იღებდე. მთელი საქართველო ასეთ სამსახურს ინატრებს. არეულები არიან, რამდენიმე ფრთა არის, რომელიც ცდილობს, ერთმანეთს გაეჯიბროს რადიკალიზმში. ძალიან უთავბოლო და ამაოა ეს ყველაფერი. რაც შემოვიდნენ, მას შემდეგ ამბობენ, რომ მანდატებს დატოვებენ. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენს პარტიას მივხედავთ. თავის არეულობას მიხედონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.