ალეკო ელისაშვილი - მთავარი პრობლემა არის, რომ შეხვედრაზე გულწრფელი კომპრომისის მზაობა ვერ დავინახე
ალეკო ელისაშვილი - მთავარი პრობლემა არის, რომ შეხვედრაზე გულწრფელი კომპრომისის მზაობა ვერ დავინახე

მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე ვერ დავინახე, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა კრისტიან დანიელსოთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, საერთო ჯამში შეთანხმება ისევ არ არის.

„ხუთი საკითხიდან, რაზეც ვმსჯელობდით, სამზე შევთანხმდით – საარჩევნო რეფორმა, მართლმსაჯულება და კომიტეტების თავმჯდომარეების განაწილება, მაგრამ ორ საკითხზე, პოლიტპატიმრებზე და ვადამდელ არჩევნებზე, იყო აზრთა სხვადასხვაობა. მე ჩემ პირად განცდას ვიტყვი, გულწრფელი შეთანხმების და კომპრომისის მზაობა იქ არ იყო. ეგ არის ყველაზე დიდი პრობლემა. ვადამდელი არჩევნების საკითხი არის ჰაერში გამოკიდებული, ოპოზიცია ამბობს კიო და ხელისუფლება არაო. პოლიტპატიმრებზე თითქოს ვთანხმდებით, მაგრამ ვერ შევთანხმდით. მთავარი პრობლემა ის არის, რომ გულწრფელი კომპრომისის მზაობა მე ვერ დავინახე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირადმა წარმომადგენელმა, კრისტიან დანიელსონმა დღეს გამართული მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პარტიებს შორის შეთანხმება ვერ შედგა.

ამასთან, ევროკავშირის მედიატორმა კრისტიან დანიელსონმა დღეს გამოაქვეყნა წინადადებები, რომელიც პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზა.