ალეკო ელისაშვილი - მშვიდად, წყნარად და უემოციოდ თუ შევხედავთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არ არის რელევანტური და სერიოზული
ალეკო ელისაშვილი - მშვიდად, წყნარად და უემოციოდ თუ შევხედავთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არ არის რელევანტური და სერიოზული

მშვიდად, წყნარად და უემოციოდ თუ შევხედავთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არ არის ახლა რელევანტური და სერიოზული, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, ვადამდელი არჩევნები ახლა რომ ჩატარდეს, კონსტიტუციის მიხედვით 2024 წლის ოქტომბერსაც უნდა ჩატარდეს არჩევნები.

„ამიტომ ახლა ვითხოვთ, რომ ერთწლიანი პარლამენტი გვქონდეს? თან თუ ჩავხედავთ, ვნახავთ, რომ ახლა არჩევნები ჩატარდება 120/30-ზე პრინციპით და ისევ იქნება 30 მაჟორიტარი პარლამენტში. შეგვიძლია, არც გამოვცვალოთ ეს მაჟორიტარები, ვინც არიან დავტოვოთ ისინი. მშვიდად, წყნარად და უემოციოდ თუ შევხედავთ ვადამდელი არჩევნების მოთხოვნას, არ არის ახლა რელევანტური და სერიოზული? ჯობია, მოვემზადოთ. როგორ აპირებს გასვლას არჩევნებზე ოპოზიცია, ასე? რომ ვლანძღავთ ერთმანეთს? თუ კეზერაშვილის დაფინანსებული ფულით უნდათ კამპანიაში მონაწილეობა? შესაბამისად, ჯობია, რომ მოვემზადოთ. ჯერ ერთი, პირველი რიგის ამოცანაა 12 პუნქტის შესრულება და სტატუსის მიღება, ეს არის ყველაფერზე და ნებისმიერ არჩევნებზე მნიშვნელოვანი, ეს შესაძლებლობა ხელიდან არ უნდა გავუშვათ; მეორე, მოვემზადოთ 2024 წლის არჩევნებისთვის. ასე ჰარი-ჰარალოზე სადღეგრძელოებით რომ გავდივართ არჩევნებზე, იმიტომ არის მეთერთმეტე წელია, „ქართული ოცნება“. მოგება თუ გვინდა, არჩევნებში თავისუფლად შეიძლება „ქართული ოცნების“ დამარცხება, მაშინ უფრო სერიოზულად უნდა ავწონ-დავწონოთ და მოთხოვნებიც უფრო სერიოზული უნდა გვქონდეს“, – განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, „ქართული ოცნება“ აუცილებლად უნდა წავიდეს ხელისუფლებიდან, რადგან ეს არის უიმედო და გამოფიტული ძალა, რომელიც თავის თავსაც აწვალებს ხელისუფლებაში ყოფნით და ხელისუფლებას – მით უფრო.

„„ნაციონალური მოძრაობა“ არ უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში. მე პირადად შევალ ნებისმიერ იმ საბჭოში, ნებისიმერი მოლაპარაკების ფორმატში, სადაც ანალოგიურ პოზიციაზე მყოფი პოლიტიკური ძალები იქნებიან. ვისაც უნდა, რომ „ქართული ოცნება“ გავუშვათ ხელისუფლებიდან და ვისაც უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დავაბრუნოთ ხელისუფლებაში, რომ კიდევ უარესი არ დავატეხოთ ამ ქვეყანას, ნებისმიერ პოლიტიკურ ლიდერთან  მზად ვარ, დავჯდე და ვილაპარაკო. ის, ვისაც უნდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დააბრუნოს ამ ქვეყანაში, მე პირადად და ჩვენს პარტიას მათთან არაფერი საერთო არ გვაქვს“, – განაცხადა ელისაშვილმა.