ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება
ალეკო ელისაშვილი - „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება

ოპოზიციონერი დეპუტატის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, პარტია „მოქალაქეების“ ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება.

როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ელისაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი და სიღრმისეული მუშაობა და ასევე მსჯელობა იყო, თუ რატომ იხდიდა ყველაზე დაუცველი ფენა (პენსიონერები) ყველაზე მაღალ პროცენტს და რა გამოსავლის პოვნა იყო შესაძლებელი.

როგორც ელისაშვილმა აღნიშნა, „მოქალაქეების“ ინიციატივით, შედგა არაერთი შეხვედრა.

„მათ შორის, გაიმართა განხილვა საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტზე, „ლიბერთი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა და ფინანსთა მინისტრების მოადგილეების მონაწილეობით. პარლამენტში შეიქმნა ერთობლივი სამუშაო ჯგუფი საპენსიო სესხის საპროცენტო განაკვეთის შემცირების მიზნით. ჩვენ მიერ გატარებული ღონისძიებების საფუძველზე, პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია, რომლის ამოცანაც იყო პენსიების არსებული სისტემის შესწავლა, ამ პროცესში არსებული ხარვეზების იდენტიფიცირება და მათი ანალიზი. კომისიის მუშაობის ფარგლებში, ექსპერტების, პარლამენტის წევრების, ადმინისტრაციული ორგანოების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და საბანკო/საკრედიტო სექტორის წარმომადგენლების ჩართულობით, შემუშავდა ახალი პირობები, რომლის საფუძველზეც გარანტირებული იქნება პენსიონერისთვის სესხის/კრედიტის გაცემისას სესხის საპროცენტო განაკვეთის ადამიანური პროცენტი. შესაძლებელი გახდა სესხთან დაკავშირებული ახალი პირობების ისეთი ფორმით ჩამოყალიბება, რომლის თანახმადაც, დაწესებული იქნება გარკვეული ლიმიტი და პენსიონერებზე სესხის გაცემა მოხდება ისეთ პროცენტში, რომელიც მათ მდგომარეობას კიდევ უფრო არ დაამძიმებს.

დღეის მდგომარეობით, ჩვენი ძალისხმევის შედეგად, პირველი იანვრიდან „ლიბერთი ბანკში“ საპენსიო სესხების ზედა ზღვარი 26 % იქნება“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.