ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა, გვითხრან და თუ გრძელდება, მაშინ ეს გარე შემოთავაზებები რას ემსახურება, ვერ გავიგე
ალეკო ელისაშვილი - მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა, გვითხრან და თუ გრძელდება, მაშინ ეს გარე შემოთავაზებები რას ემსახურება, ვერ გავიგე

თუ დასრულდა მოლაპარაკება, ჩვენც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. ეს არის აბუჩად აგდება იმ მოლაპარაკების პროცესის, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ირაკლი კობახიძის განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

„არ არის საკმარისი, რაც თქვა კობახიძემ საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით, რაც ძალიან ჰგავს, შემოდით, თუ მერე ჭკვიანად იქნებით, კანფეტს მოგცემთო, ეს ესე არ არის. ეს არის აბუჩად აგდება იმ მოლაპარაკების პროცესის, რომელიც ჰაერშია გამოკიდებული, მაგრამ თუ ის მეხუთე რაუნდი უნდა შედგეს და თუ ვართ მოლაპარაკების პროცესში მაშინ ასე შორიდან შემოთვლები რომ აი, კანფეტს მოგცემთ და საგამოძიებო კომისიას შეგიქმნით, მაშინ ეს ერთმანეთთან წინააღმდეგობაშია. შესაბამისად, უფრო სერიოზულად თუ მივუდგებით საკითხს და მეტი პასუხისმგებლობით, კარგი იქნება, ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც. თუ მოლაპარაკებაა, მაშინ იყოს მოლაპარაკება, რადგან იქ ვმსჯელობთ ჩვენ მაგ საკითხებზე. თუ დასრულდა ეს მოლაპარაკება, ჩვენც ჩაგვაყენონ საქმის კურსში, რომ ჩვენც ისე ვიმოქმედოთ, როგორც საჭიროდ ჩავთვლით. თუ დამთავრდა ის მოლაპარაკება, ნუ გვიმალავენ, გვითხრან და მერე შესაბამისად ვიმოქმედებთ ჩვენც“, – განაცხადა ელისაშვილმა.

ალეკო ელისაშვილის თქმით, პარტია „მოქალაქეები“ მზად არის, რომ გაყალბების შესახებ კონკრეტული მტკიცებულებები წარადგინოს.

„როდესაც თავიდან იყო შემოთავაზება გადათვლაზე, ჩვენ ვიყავით ის პარტია, რომელიც მოლაპარაკების მაგიდასთან ვამბობდით, რომ უნდა გადაგვეთვალა. ჩვენ გადათვლის მომხრეები ვიყავით და ახლა ამ ერთი პროცენტის დამტკიცებაც შეგვიძლია საბურთალოზე, მაგრამ სხვები რატომ ითრევენ ფეხს, ცოტა გაუგებარია. ის არგუმენტი არის, რომ კი გადაასწორ-გადმოასწორებდნენ, მაგრამ ხომ არ გამქრალა ის ოქმები, ფოტოები გვაქვს გადაღებული, მტკიცებულებები გვაქვს და ერთი პროცენტის დამტკიცება თუ არ შეგვიძლია, მაშინ რაღას ვიძახით რომ არჩევნები გაყალბდა. თუ ვამბობთ, დავადასტუროთ, ოღონდ ეს საგამოძიებო კომისია იქნება, თუ სხვა რამ, ეს სხვა ამბავია და მაგაზე ვმსჯელობთ ზუსტად იმ მოლაპარაკების მაგიდასთან. მოლაპარაკება თუ ჩაშლილია და დამთავრდა ჩვენც გვითხრან და თუ გრძელდება, მაშინ ეს გარე შემოთავაზებები რას ემსახურება, ვერ გავიგე“, – განაცხადა ელისაშვილმა.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ კიდევ ერთხელ სთავაზობენ ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში და საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში, გადამოწმდეს იმდენი საარჩევნო უბნის მონაცემები, რამდენიც საჭიროდ ჩაითვლება სიმართლის დასადგენად. მისივე თქმით, არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და მოიწვევენ ყველა საერთაშორისო, თუ ადგილობრივ სადამკვირვებლო ორგანიზაციას.