ალეკო ელისაშვილი - მივიღეთ საარჩევნო სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ისე გავუშვათ არაფრის მაქნისი ხელისუფლება, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს
ალეკო ელისაშვილი - მივიღეთ საარჩევნო სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, ისე გავუშვათ არაფრის მაქნისი ხელისუფლება, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებლის, ალეკო ელისაშვილის განცხადებით, გუშინ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მიღწეული შეთანხმება საზოგადოებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

ელისაშვილის თქმით, აღნიშნული საარჩევნო მოდელის მიხედვით ძალაუფლების კონცენტრირებას ვერც ერთი პარტია ვეღარ შეძლებს. მისი შეფასებით, საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერის გარეშე ხელისუფლება აღნიშნულ პირობებს არ დათანხმდებოდა.

„მადლობა ჩვენს საერთაშორისო მეგობრებსა და პარტნიორებს, რომელთა ჩარევისა და დახმარების გარეშე ეს შეთანხმება არ იქნებოდა. ხელისუფლება არ დათანხმდებოდა ამ პირობებს. ძალიან კარგია ყველასთვის, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ მივიღეთ ისეთი საარჩევნო სისტემა, რომელიც ოქტომბერში მოგვცემს საშუალებას, მშვიდად გავუშვათ სახლში არაფრის მაქნისი ხელისუფლება, ისე, რომ არავითარი მიშა და გრიშა აღარ შემოვარდეს და ხელში არ ჩაიგდოს ძალაუფლება. ჩვენ მივიღებთ მრავალპარტიულ დემოკრატიას. ამ ქვეყნის პრობლემა იყო, რომ პოლიტიკური პროცესი მიმდინარეობდა ქუჩაში და მსგავსი რამ აღარ მოხდება. ამომრჩევლების ჯგუფს პროპორციული წარმომადგენლობა ეყოლება და ხალხის სათქმელს იტყვის პარლამეტში“, – განაცხადა ელისაშვილმა.

რაც შეეხება „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში მიმდინარე შეხვედრების ფორმატს, ალეკო ელისაშვილის თქმით, ავტომატურად დასრულებულია.

გუშინ მმართველი გუნდი და ოპოზიცია 2020 წლის არჩევნებისთვის 120/30-ის მოდელზე, ერთპროცენტიან საარჩევნო და უმრავლესობის დასაკომპლექტებელ 40-პროცენტიან ბარიერზე შეთანხმდნენ. საქართველოში აშშ-ის საელჩომ შეთანხმების ტექსტიც გაავრცელა, რომელიც ორი ნაწილისგან შედგება.