ალეკო ელისაშვილი - მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა, ჩვენი თავის გვჯერა, ამაზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს
ალეკო ელისაშვილი - მე და ქეთი თურაზაშვილი თავად გადავწყვეტთ, იმპიჩმენტის პროცესისას სხდომას დავესწროთ თუ არა, ჩვენი თავის გვჯერა, ამაზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს

პრეზიდენტის მოწოდება მოვისმინეთ. მე და ქეთი თურაზაშვილი საკმაოდ დიდები, ზრდასრულები ვართ იმისთვის, რომ თავად გადავწყვიტოთ, სხდომას დავესწროთ თუ არა. ამაზე ჯერ არ ჩამოვყალიბებულვართ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განაცხადა.

მისივე თქმით, საკითხთან დაკავშირებით „მოქალაქეები“ გადაწყვეტილებას ხვალ მიიღებენ.

„სხდომაზე არშესვლის მიზეზი თუ ის არის, რომ ვინმეს ხელი არ გაექცეს, შემთხვევით მწვანეზე ხელი არ მიეჭიროს, ჩვენი თავის გვჯერა და იმედი გვაქვს. ასეთ რაღაცებზე მათ იფიქრონ, ვისაც საკუთარი თავის იმედი არ აქვს და წითელი და მწვანე ფერები ერევა ერთმანეთში. ჩვენ პოლიტიკური დალტონიზმით არ ვართ დაკავებული. იმპიჩმენტს მხარს არ დავუჭერთ არც ერთ შემთხვევაში. ჩვენ ვიცით, რა ხდება, როცა მწვანე ღილაკს აჭერ ხელს და წითელი ღილაკი რას გამოხატავს. რეალური პრობლემაა, რომ ვიღაცები შემოვლენ და ხელი გაექცევათ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.