ალეკო ელისაშვილი - მე და ლევან იოსელიანი ყველას მაგივრად ვიბრძვით, ყველას გასაკეთებელის გაკეთებას ვცდილობთ და მერე სხვები იბრალებენ, ეგრე არ გამოვა
ალეკო ელისაშვილი - მე და ლევან იოსელიანი ყველას მაგივრად ვიბრძვით, ყველას გასაკეთებელის გაკეთებას ვცდილობთ და მერე სხვები იბრალებენ, ეგრე არ გამოვა

არც მანდატების შეჩერების მომხრე ვარ და არც იმის, რომ ოპოზიცია ასე არასერიოზულად ექცეოდეს მოლაპარაკების პროცესს, – ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, თუ ოპოზიციას პოლიტპატიმრებისა და ქვეყნის ბედი ადარდებს, მოლაპარაკების მაგიდას უნდა დაუბრუნდეს.

„ერთი მხრივ, არც მანდატების შეჩერების მომხრე ვარ, მაგრამ მეორე მხრივ, არც იმის მომხრე ვარ, რომ მოლაპარაკების პროცესს ასე არასერიოზულად ექცეოდეს ოპოზიცია. თუ ციხეში დარჩენილი ერთი კონკრეტული პოლიტპატიმრის ბედი ადარდებთ, თუ ამ ქვეყნის მომავალი ადარდებთ, მაშინ დაბრუნდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან. მე და ლევან იოსელიანი ყველას მაგივრად ვიბრძვით, ყველას გასაკეთებელის გაკეთებას ვცდილობთ და მერე კიდე გამოდიან და ჩვენ გაკეთებულს იბრალებენ. ეგრე არ გამოვა. რაღაცაზე უნდა ჩამოვყალიბდეთ, მით უმეტეს ღიმილის მომგვრელია, როდესაც ამბობენ, მანდატები არ გაგვიუქმოთ, თორემ რთული გაზაფხული გელითო. ეს საერთოდ გამაოგნებელი განცხადება იყო პირადად ჩემთვის.

მისივე თქმით, დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულების, ნატალია ილიჩოვასა და ივერი მელაშვილის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოლაპარაკებების პროცესის შედეგია.

„ჩვენ მანდატების გაუქმების მოთხოვნით არ მიგვიმართავს, რადგან მოლაპარაკების პროცესში ვიყავით და ეს პროცესი რომ შედეგიანია, მგონი დღევანდელი გათავისუფლებითაც ყველა დარწმუნდა. ეს არის მოლაპარაკების შედეგი და არა სხვა რამის. მოლაპარაკებებისთვის მზად ვართ და დაველოდებით „ქართული ოცნების“ რეაქციას. ჩვენ ასევე მზად ვართ, რომ საარჩევნო საკითხებთან დაკავშირდებით საბოლოო შეთანხმებას მივაღწიოთ. ეს კი თავის მხრივ, გახდებოდა საფუძველი იმისა, რომ ჩვენ მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით. დღეს პარლამენტში შესვლა ჩვენ არ გადაგვიწყვეტია“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

დავით გარეჯის საქმეზე ბრალდებულები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდნენ. გირაოს ოდენობა თითოეულისთვის 20 000 ლარს შეადგენს.